ირანის უკანასკნელი შაჰის უფროსი ვაჟი მიმართვას ავრცელებს

ირანის უკანასკნელი შაჰის უფროსი ვაჟი მიმართვას ავრცელებს. ირანის ქუჩებში გამოსულ დემონსტრანტებს რეზა ფეჰლევი მადლობას უხდის და ამბობს, რომ “მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, მნიშვნელოვნად დაასუსტეს ხამენეის რეპრესიული აპარატი და მისი რეჟიმი”.
მისი თქმით, სანდო ინფორმაცია მისდის, რომ “ისლამურ რესპუბლიკას” ქუჩაში მილიონობით ადამიანის წინააღმდეგ საბრძოლველად დაქირავებული მებრძოლების მწვავე დეფიციტი ემუქრება და რომ შეიარაღებული და უსაფრთხოების ძალების ბევრმა წევრმა დატოვა სამუშაო ადგილები ან არ დაემორჩილა ხალხის ჩახშობის ბრძანებებს.
“ხამენეის რჩება ძალადობრივი დაქირავებული მებრძოლების უმცირესობა, რომლებიც, მათი კრიმინალური ლიდერის მსგავსად, არაირანელები და ანტიირანელები არიან და თქვენ – ირანის დიდ ერს – თავის მტრად გთვლიან. იცოდეთ, რომ მათ თავიანთი ქმედებებისთვის შედეგები დაატყდებათ თავს. დღეს, კვირას საღამოს 6:00 საათზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს მეორე მოწოდებას და გთხოვთ ყველას, ჯგუფურად გაიაროთ ქალაქების მთავარ ქუჩებში თქვენს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად; გზად არ გამოეყოთ ერთმანეთს ან ხალხის ნაკადს და არ აირჩიოთ გვერდითი ქუჩები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. თქვენი თანამემამულეები მთელ მსოფლიოში ამაყად ყვირიან თქვენსავე ხმაზე და თქვენ აუცილებლად იხილავთ მათ მრავალრიცხოვან კადრებს ტელევიზიის ეკრანებზე. დღეს მსოფლიო თქვენს ეროვნულ რევოლუციას უჭერს მარს და აღფრთოვანებულია თქვენი სიმამაცით. კერძოდ, პრეზიდენტი ტრამპი, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ყურადღებით აკვირდებოდა თქვენს აღუწერელ სიმამაცეს და განაცხადა, რომ მზადაა დაგეხმაროთ. ნუ დააცარიელებთ ქუჩებს. ჩემი გული თქვენთანაა. ვიცი, რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები.” – აცხადებს ირანის უკანასკნელი შაჰის უფროსი ვაჟი.