ირანის უდიდეს პორტში, ბანდარ-აბბასში აფეთქება იყო გუშინ, 26 აპრილს. თუმცა, შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან. მათ შორის, ეძებენ დაკარგულ ადამიანებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ნანგრევებში არიან ჩარჩენილები. დღეს, 27 აპრილის დილით, ხანძარი ჯერ კიდევ არ იყო ლიკვიდირებული.
აფეთქების შედეგად დაიღუპა 28 და დაშავდა 800-მდე ადამიანი. მათგან 200-მდე დაშავებული კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.
აფეთქების სავარაუდო მიზეზად ქიმიური ნივთიერებების არასწორად შენახვას ასახელებენ. თუმცა, ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაწყებულია გამოძიება, ოფიციალური პირები და მოსახლეობას და მედიას მოუწოდებენ თავი შეიკავონ “ნაადრევი სპეკულაციებისგან”.
აფეთქების შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა რამდენიმე კილომეტრის დაშორებულ დასახლებულ პუნქტებშიც. ჰაერის დაბინძურების გამო გამოცხადებულა საგანგებო მდგომარეობა. ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ ღია სივრცეში გადაადგილებას, დარჩნენ სახლებში და დახურონ ფანჯრები.
Reuters-ის ინფორმაციით, პუტინმა ირანს დახმარება შესთავაზა აფეთქების შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში.
