ირანის სახელმწიფო მედია – სირიაში, ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

სირიაში, ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
„სირიის დედაქალაქში, სიონისტური რეჟიმის მიერ ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ირანის შვიდი და სირიის ექვსი მოქალაქე დაიღუპა“, – აცხადებს ირანის სახელმწიფო ტელევიზია.
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმისთვის დაისჯება.
„ბოროტი სიონისტური რეჟიმი ჩვენი მამაცი მებრძოლების ხელით დაისჯება. მათ ვაიძულებთ, რომ ეს და სხვა დანაშაულები ინანონ“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.
შეგახსენებთ, გუშინ სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ირანი თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს. ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი აცხადებს, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად გვარდიის მეთაური, გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ