ირანმა სამშაბათს ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების დიდი რაოდენობა გაუშვა. ეს ისრაელის მიერ თეირანის მოკავშირე “ჰეზბოლას” ლიდერებზე ლიბანში განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხი იყო.
ისრაელის არაერთ ქალაქში განგაშის სირენები ჩაირთო და იერუსალიმისა და მდინარე იორდანეს ველის მიმდებარედ აფეთქებების ხმა ისმოდა. მოქალაქეებმა თავშესაფრებს მიაშურეს.
ირანის “რევოლუციური გვარდიის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ირანმა ისრაელისკენ ათობით რაკეტა გაუშვა და თუკი ისრაელი ამაზე შურს იძიებს, პასუხი კიდევ უფრო “დამანგრეველი” იქნებოდა.
წამყვანი ირანელი ოფიციალური პირები საინფორმაციო სააგენტო “როიტერთან” საუბარში მოგვიანებით ამბობდნენ, რომ საჰაერო იერიშის გადაწყვეტილება ქვეყნის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ჰომეინიმ მიიღო. თავად ის კი უსაფრთხო და საიდუმლო ადგილას იმყოფება.
ისრაელის ჯარმა თქვა, რომ თავისი ცა, საჰაერო სივრცე თავდასხმამდე “დახურა”. ისრაელის შეიარაღებული ძალების რადიოს განცხადებით ქვეყანას ირანიდან 200-ზე მეტი რაკეტა ესროლეს. “როიტერის” ჟურნალისტები ამბობენ, რომ ნახეს, როგორ დაარღვია ისრაელის საჰაერო სივრცე იორდანიის მიმართულებიდან წამოსულმა რაკეტებმა.
ისრაელი საპასუხო ზომების მიღების პირობას დებს. თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ ვითარება სწრაფად იცვლება და ამერიკულ მხარეს ექნება კონსულტაციები ისრაელთან იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება მათი პასუხი ირანის თავდასხმაზე. სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ ამერიკას ირანისგან შესაძლო თავდასხმის შესახებ არანაირი გაფრთხილება არ მიუღია.
ვითარება ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაიძაბა, რაც დაახლოებით ერთი წლის წინ დაჯგუფება “ჰამასის” მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ და 1200-ზე მეტი ადამიანი დახოცეს, 240-ზე მეტი კი მძევლად წაიყვანეს. ისრაელმა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები დაიწყო და “ჰამასს” ომი გამოუცხადა. ამ მოქმედებების შედეგად, “ჰამასის” მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის უწყების თქმით, სექტორში ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. “ჰამასს” მხარს უჭერს ლიბანში მოქმედი დაჯგუფება “ჰეზბოლაც”, რომელსაც თავის მხრივ ირანი უჭერს მხარს. “ჰეზბოლა” და ისრაელი ბოლო თვეების განმავლობაში თავს ერთმანეთს არაერთხელ დაესხნენ. თუმცა კონფლიქტში ირანის პირდაპირი ჩარევა დასავლეთში ზრდის შიშს, რომ რეგიონში კონფლიქტი შესაძლოა გაფართოვდეს.