ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი პაკისტანში ჩავიდა. ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია ირანსა და პაკისტანს შორის დაძაბულობის შემდეგ, რაც ერთმანეთის გაუფრთხილებლად ბელუჯების პოზიციებზე საჰაერო თავდასხმებს მოჰყვა.
ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის თქმით, ის ისლამაბადში მის პაკისტანელ კოლეგას ჯალილ აბას ჯილანის შეხვდება და სხვადასხვა საკითხზე სიღრმისეული საუბარი ექნებათ. 27 იანვარს ირანში სისტან-ბელუჯისტანის რეგიონში შეიარაღებულმა პირებმა ცხრა პაკისტანელი მუშა მოკლეს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, პოლიცია ეძებს სამ შეიარაღებულ პირს, რომლებიც სროლის შემდეგ გაიქცნენ. მომხდარზე ამ დრომდე პასუხისმგებლობა არცერთ პირს ან დაჯგუფებას არ აუღია. გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანში ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის ვიზიტის მიზანი ამ დაძაბულობის დეესკალაციაა. როგორც ცნობილია, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს პრემიერმინისტრთან შეხვედრაც სურს.
16 იანვარს ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე ბელუჯების პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის გამოც პაკისტანმა თავისი საჰაერო და სახმელეთო სივრცის დარღვევისთვის ოფიციალური განმარტება მოითხოვა. 18 იანვარს პაკისტანის სამხედრო ძალები ირანის ტერიტორიაზე საზღვართან მდებარე სისტან-ბელუჯისტანის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში რაკეტები ჩამოაგდო. პაკისტანის მტკიცებით ამ სოფელში ბელუჯების გათავისუფლების ფრონტის ტერორისტები იმალებოდნენ და ისინი კვლავ პატივს სცემენ ირანის ისლამური რესპუბლიკის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ირანმა და პაკისტანმა ორი დღის მანძილზე ერთმანეთის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს, რომელთა პირდაპირი სამიზნეები ბელუჯების სტრატეგიული პოზიციები იყო, თუმცა იერიშების ფონზე ირანსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა დაიძაბა.