ირანის რეჟიმის პროტესტის ნიშნად, ცნობილმა აქტივისტმა თავი მოიკლა

ცნობილმა ირანელმა უფლებადამცველმა ქიანოშ სანჯარიმ, რომლემაც ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მმართველობას დიქტატურა უწოდა, პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა.
მანამდე კი, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ქიანოშ სანჯარიმ განაცხადა, რომ ის თავს მოიკლავდა, თუ 13 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 19:00 საათამდე (GMT 15:30), ოთხი პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ, ქიანოშ სანჯარის გარდაცვალება მისმა თანამოაზრე აქტივისტებმა დაადასტურეს.
„მსურს, ირანელები გამოფხიზლდნენ და მონობა გადალახონ. არავინ უნდა დააპატიმრონ საკუთარი აზრის გამოთქმისთვის. პროტესტის გამოხატვა ირანის ყველა მოქალაქის უფლებაა. თუ ფატემე სეფეჰარი, ნასრინ შაკრამი, ტომაჟ სალეჰი და არშამ რეზაი დღეს, 19:00 საათამდე, ციხიდან არ გამოვლენ… ხამენეისა და მისი პარტნიორების დიქტატურის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, საკუთარ სიცოცხლეს დავასრულებ“, – წერდა სანჯარი პოსტში.
როგორც BBC-ი წერს, ოთხივე პირი 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, უპრეცედენტო საპროტესტო ტალღაში მონაწილეობისთვის დააკავეს. 2022 წელს, მაჰსა ამინი მორალის პოლიციამ დააკავა ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.
სანჯარი არაერთხელ იყო დაპატიმრებული 1999-2007 წლებში თავისი პოლიტიკური აქტივობის გამო. 2007 წელს, მან ირანი დატოვა და ნორვეგიაში თავშესაფარი მიიღო. სანჯარი 2016 წელს ირანში მშობლებთან ერთად დაბრუნდა. ის კვლავ დააპატიმრეს და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2019 წელს, ის, ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნით, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, შემდეგ კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სანჯარმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ მას ელექტროშოკი გაუკეთეს, საწოლზე მიაბეს და ორგანიზმში გაურკვეველი დაუდგენელი ნივთიერებები შეუყვანეს.