ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა პალესტინისთვის დიდ გამარჯვებას წარმოადგენს, – ამის შესახებ განცხადებას ირანის რევოლუციური გვარდია ავრცელებს.
„ომის დასრულება და სიონისტური რეჟიმისთვის ცეცხლის შეწყვეტის დაწესება პალესტინისთვის აშკარა და დიდი გამარჯვებაა, სიონისტური რეჟიმისთვის კი კიდევ უფრო დიდი მარცხია“, – აცხადებს ირანის რევოლუციური გვარდია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ირანის რევოლუციური გვარდია „ახალ ომებთან და დანაშაულებთან“ დაპირისპირებისთვის მზად არის.
„წინააღმდეგობა კვლავ ცოცხალი და ძლიერია და ალ-აქსას მეჩეთისა და იერუსალიმის გათავისუფლების შესახებ ღვთაებრივი აღთქმის უფრო მეტად სწამს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ ისრაელმა და „ჰამასმა“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება ძალაში კვირას შევა.