ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ პრეზიდენტ მასუდ ფეზეშკიანის ორშაბათის ვიზიტი სომხეთში იქნება მიმართული იმაზე, რომ „სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ რუკაში არ მოხდეს ცვლილება“, და ხაზს უსვამს, რომ თეირანი მტკიცედ ეწინააღმდეგება „ნებისმიერ საზღვრის ცვლილებას ან უცხოეთის სამხედრო ძალების ყოფნას ამ რეგიონში.“
IRNA-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში [წერს “არმენპრესი”] არაღჩიმ აღნიშნა, რომ ფეზეშკიანის ვიზიტი ერევანში გახდება შესაძლებლობა, კვლავ გაახმოვანოს ირანის შეშფოთება და „შევეცადოთ, მივაღწიოთ დამამშვიდებელ მექანიზმს ამ მიმართულებით.“
მინისტრმა განმარტა, რომ ირანისთვის „გეოპოლიტიკური ცვლილება“ აბსტრაქტული ცნება არ არის: „გეოპოლიტიკურ ცვლილებებში ვგულისხმობთ საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების შეცვლას, საზღვრების გადაწევას ან რეგიონის სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შერყევას,“ – განაცხადა არაღჩიმ.
„ჩვენ ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ ამას ვერ ავიტანთ და ჩვენი პოლიტიკა ყოველთვის მკაფიო იყო.“
არაღჩი ასევე შეეხო აშშ-ის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამ თვეში გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებას და აღნიშნა, რომ ბაქომ და ერევანმა მკაფიოდ ივალდებულეს, რომ პატივს სცემენ არსებულ საზღვრებსა და სუვერენიტეტს.
„ამ კუთხით, ჩვენი გეოპოლიტიკური შეშფოთებები ამ ეტაპზე თითქოს მოხსნილია, მაგრამ მომავალში ისინი თუ შეინარჩუნებენ ამ ვალდებულებას, ეს საკითხია, რასაც ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით.“
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გამოხატა თეირანის შეშფოთება შესაძლო ამერიკული ჩართულობის გამო ინფრასტრუქტურული პროექტების საბაბით: „კიდევ ერთი საფრთხეა, რომ ეს გზა შესაძლოა გამოიყენონ როგორც საბაბი ამერიკული ძალების რეგიონში ყოფნისთვის.“
მისი თქმით, ბოლო დღეებში სომხეთის უმაღლესმა ოფიციალურმა პირები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, თეირანს დაჰპირდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში ამერიკული ძალები, ან თუნდაც ამერიკული კერძო უსაფრთხოების კომპანიები, სომხეთში ამ გზის გამო არ შევა.
არაღჩიმ ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხები სრულად განიხილება პრეზიდენტ ფეზეშკიანის ვიზიტის დროს: „მათ გვითხრეს, რომ იცნობენ ირანის წითელ ხაზებს და მომავალში მათ პატივს სცემენ, თუმცა, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ამ საკითხზე ძალიან ყურადღებით დაკვირვებას.“
