ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის შვილი და მრჩეველი, იუსეფ ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ირანის რეჟიმს ქვეყანაში ინტერნეტის დაუყონებლივ აღდგენისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ინტერნეტის ბლოკირება უფრო მეტ არასტაბილურობას გამოიწვევს, ვიდრე მასზე წვდომის დაშვება.
“ინტერნეტის ბლოკირება უკმაყოფილებას გამოიწვევს და გაზრდის ზღვარს ხალხსა და მთავრობას შორის” – წერს იუსეფ ფეზეშქიანი.
ცნობისთვის, ირანის რეჟიმმა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის გათიშვა იანვრის დასაწყისში, მასობრივი აქციების დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო.
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზეა იმ ფონზე, როცა ირანის რეჟიმის მხრიდან 28 დეკემბერს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების სასტიკი დარბევის შემდეგ აშშ-მ რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები, მათ შორის, ავიამზიდი გაგზავნა.
საპროტესტო აქციები ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის გამო დაიწყო და მალევე რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზარდა. გამოცემა New York Times წერდა, რომ დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 5 137-ს აღწევს, ხოლო რეჟიმის მიერ დაკავებულთა რიცხვი 27 797-ია. თუმცა, აქტივისტების ცნობით, დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა, 40 000-საც აღემატებოდეს. პარალელურად, უკვე ორ კვირაზე მეტია, მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშულია ინტერნეტიც.
აქციების პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს საპასუხო ქმედებებით დაემუქრა, თუკი რეჟიმი მშვიდობიან დემონსტრანტებს დახოცავდა და აქციებზე დაკავებულ ხალხს სიკვდილით დასჯიდა.
მას შემდეგ ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ ხამენეის რეჟიმმა 800-ზე მეტი ადამიანის ჩამოხრჩობა გააუქმა, თუმცა, ამის პარალელურად, პრეზიდენტმა ტრამპმა 23 იანვარს განაცხადა, რომ ირანისკენ აშშ-ს საზღვაო ძალების “არმადა” მიემართება და დაამატა, რომ ამერიკა ირანს “ყურადღებით აკვირდება”.
“ჩვენ ირანს ვაკვირდებით. როგორც იცით, ბევრი ხომალდი მიცურავს ამ მიმართულებით, ყოველი შემთხვევისთვის, დიდი ფლოტილია მიემართება და ვნახავთ, რა მოხდება. ირანისკენ დიდი ძალები გადაგვყავს. მირჩევნია, რომ არაფერი მოხდეს, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით.” – თქვა ტრამპმა.
გავრცელებული ცნობებით, ირანს ინდოეთის ოკეანიდან USS Lincoln-ის მოიერიშე ჯგუფი უახლოვდება, რომელიც ავიამზიდთან ერთად სამ საესკადრო ნაღმოსანსაც მოიცავს. 23 იანვარს Fox News ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ ავიამზიდი აშშ-ს ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში ჯერ კიდევ არ იყო შესული და, შესაბამისად, ირანთან დარტყმის მანძილზე არ იმყოფებოდა.
ამას გარდა, აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირების საფრთხის გამო რამდენიმემ მსხვილმა ავიაკომპანიამ, მათ შორის, KLM-მა, Lufthansa-მ და Air France-მა, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს.
თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურმა აშშ გააფრთხილა, რომ მისი ძალები “იმაზე უფრო მზადაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა”.
ირანის უზენაეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან დაახლოებული გამოცემის, Nournews-ის მიხედვით, გენერალმა მოჰამად პაკპურმა აშშ და ისრაელი გააფრთხილა, რომ “ნებისმიერი არასწორი გაანგარიშება თავიდან აირიდონ”.




