ირანის მხრიდან ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის შემდეგ ვითარება მთელი რეგიონისთვის მძიმდება — მედია

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელს ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორ უპასუხებს გასულ ღამით ირანის ამ დრომდე ყველაზე მასშტაბურ თავდასხმას ისრაელზე. ინფორმაციას CNN ავრცელებს. მსოფლიო ლიდერები შიშობენ, რომ კონფლიქტი მთელ რეგიონს მოიცავს.
ს პრემიერმინისტრი იმუქრება, რომ ირანმა „დიდი შეცდომა“ დაუშვა და პასუხს აგებს.
ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა მოჰამად ბაღერიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა, რომ თუ ისრაელი პასუხის დაბრუნებას გადაწყვეტს, ირანი მთელი ისრაელის ინფრასტრუქტურაზე მიიტანს იერიშს.
დღეს, ოთხშაბათს, ცნობილი გახდა, რომ ისრაელის სამხედრო ძალები დამატებით დივიზიას გზავნის ლიბანში, სახმელეთო ომში მონაწილეობის მისაღებად. ისრაელში დივიზია, როგორც წესი, 10 000 ჯარისკაცისგან შედგება. ამ მასშტაბის სამხედრო ძალის გადასროლის მიუხედავად, ისრაელი კვლავ იმეორებს, რომ მისი „ოპერაცია ლიბანში შეზღუდული, ლოკალიზებული, მიზანმიმართულია“. ათობით სოფლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუირების ბრძანება გასცეს.
თავდასხმამ, ირანისა და ისრაელის ერთმანეთის მიმართ მიმართულმა მუქარებმა გააჩინა შიში, რომ ახლო აღმოსავლეთში ეს კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდება.
-ის პრეზიდენტი კმაყოფილია აშშ-ის როლით ირანის თავდასხმის განეიტრალებაში. მისი შეფასებით, ირანის თავდასხმა „დამარცხებულ იქნა და ის არაეფექტური იყო“. მან აღნიშნა, რომ აშშ „სრულად უჭერს მხარს“ ისრაელს, მაგრამ მისი ადმინისტრაცია განხილვის პროცესშია ისრაელთან, როგორი პასუხი იქნება მიზანშეწონილი ირანის მიმართ.
აშშ და არაბი დიპლომატები შიშობენ, რომ ისრაელმა შესაძლოა დარტყმები ირანის შიგნით, ბირთვულ ობიექტებზე მიიტანოს. საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ევროკავშირის ლიდერები გმობენ ირანის მხრიდან თავდასხმებს ისრაელზე და საუბრობენ იმ საფრთხეებზე, რაც მთელი რეგიონისთვის არსებობს.
ირანი აცხადებს, რომ ის არ არის დაინტერესებული ომის მთელ რეგიონზე გავრცელებით, ის მხოლოდ თავდაცვის რეჟიმშია და ესკალაციაზე პასუხისმგებელი ისრაელია.
პირველ ოქტომბერს ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 180-200 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. თავდასხმას რამდენიმე საათით ადრე წინ უძღოდა თეთრი სახლის განცხადება, რომ ირანი ისრაელზე თავდასხმისთვის ემზადებოდა. ირანული რაკეტების უმეტესობა გაუვნებლებულ იქნა. ისრაელის თავდაცვის ძალებს ამაში აშშ და მისი მოკავშირეები ეხმარებოდნენ. დასავლეთ სანაპიროზე ერთი პალესტინელი დაიღუპა. ცენტრალურ ისრაელში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა სკოლა და ასევე რესტორანი თელ-ავივში. განახლებად ინფორმაციას მომხდარის შესახებ BBC და CNN ავრცელებენ.
ასევე პირველ ოქტომბერს, ირანისგან მომდინარე თავდასხმისა და ისრაელში საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ, თელ-ავივში ორმა ტერორისტმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. ისრაელში საქართველოს საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც, საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, გარკვეულ დროს მოითხოვს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით.
ისრაელის ჩრდილოეთში ყველაზე დიდი საავადმყოფო ადასტურებს, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით ადგილი ჰქონდა „ინციდენტს“. კლინიკის წარმომადგენელი CNN-ს ეუბნება, რომ დაშავებულების რაოდენობის შესახებ კომენტარის გაკეთება არ შეუძლია. მანამდე „ჰეზბოლამ“ განცხადება გაავრცელა, რომ ისრაელის ჩრდილოეთში სამხედრო პოსტებს დაარტყეს. კომენტარზე უარს ამბობენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
თეირანში ამბობენ, რომ მათი თავდასხმის ობიექტი სამხედრო და უშიშროების ობიექტები იყო და რომ ეს შურისძიებაა ისრაელის მიერ განხორციელებული „აგრესიული ქმედებების“ გამო. მათ შორის, ირანისგან მხარდაჭერილი დაჯგუფებების, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ლიდერების, ჰასან ნასრალასა და ისმაილ ჰანიეს მკვლელობების გამო. თეირანი ირწმუნება, რომ ისრაელზე თავდასხმა ლეგიტიმური და სამართლიანია და პასუხის შემთხვევაში, ისრაელზე მორიგი თავდასხმა მოხდება.
მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ დაბომბეს ლიბანი. სამხრეთ ლიბანში, სასაზღვრო რაიონებში, „შეზღუდული“ სახმელეთო ოპერაციაც წამოიწყეს. მათი ცნობით, ოპერაციის სამიზნეები არიან „ჰეზბოლას“ წევრები და მათი ინფრასტრუქტურა სამხრეთ ლიბანის დასახლებულ პუნქტებში.

ასევე დაგაინტერესებთ