საქართველოში 2026 წელს სამშენებლო მასალების ფასების ზრდაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაში „სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორი საქართველოში“ არის ნათქვამი.საინვესტიციო ბანკის მიხედვით, ამ პროცესის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ირანში მიმდინარე კონფლიქტია, რაც მშენებლობის საერთო ღირებულების მატებას დააჩქარებს.ანგარიშის პროგნოზით, 2026 წელს სამშენებლო მასალების ფასები 8%-ით გაიზრდება, მაშინ როდესაც 2025 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1% იყო. კონფლიქტის ფონზე, გაძვირება შეეხება ძირითად სამშენებლო მასალებს:- ცემენტი: 2025 წელს ფასების სტაბილიზაციის შემდეგ, 2026 წელს მოსალოდნელია მისი 7%-იანი გაძვირება.- ბეტონი: ფასის ზრდა პროგნოზირებულია 10%-ის ფარგლებში.- არმატურა: მოსალოდნელია ღირებულების 6%-იანი მატება.„სამშენებლო მასალები: მძიმე მრეწველობის სამშენებლო მასალები ძირითადად საქართველოში იწარმოება (66% ადგილობრივი წარმოება). ბეტონის წარმოება 2024-25-ში მნიშვნელოვნად გაიზარდა რეკორდული ნებართვებისა და ინფრასტრუქტურული დანახარჯების გამო. 2025 წელს დაწესებულმა ტარიფმა რუსული და ირანული არმატურის იმპორტი თურქულით ჩაანაცვლა და ადგილობრივი წარმოება წაახალისა. 2022-24-ის სწრაფი ზრდის შემდეგ ცემენტის ფასები 2025-ში დასტაბილურდა, თუმცა 2026-ში ირანის კონფლიქტის ფონზე ფასების ზრდის დაჩქარება მოსალოდნელია.სარემონტო მასალები: სექტორი ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული და მთავარი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი და ჩინეთი არიან. სარემონტო მასალების ქვესექტორის შემოსავლების ზრდა თანხვედრაშია ფასის დინამიკასთან. მეორეს მხრივ, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ქვესექტორების შემოსავლები ბოლო 3 წელია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რაც მზარდი მოთხოვნით და შემცირებული ფასებითაა გამოწვეული. 2026-ში ორივე ქვესექტორის შემოსავლებში ზრდაა მოსალოდნელი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.


