ირანისკენ უფრო დიდი არმადა მიემართება, ვიდრე ვენესუელაში გავგზავნეთ – ტრამპი

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანისკენ იმაზე უფრო ძლიერი სამხედრო ძალა მიემართება, ვიდრე ვენესუელაში ჰყავდათ გაგზავნილი.
ამის შესახებ მან დღეს, 28 იანვარს, თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ში დაწერა.
„უზარმაზარი არმადა მიემართება ირანისკენ. ის მოძრაობს სწრაფად, დიდი ძალით, ენთუზიაზმითა და მიზანდასახულობით. ეს არის იმაზე დიდი ფლოტი, დიდებული ავიამზიდის, „აბრაამ ლინკოლნის“ მეთაურობით, ვიდრე ის, რაც ვენესუელაში გაიგზავნა. ისევე როგორც ვენესუელას შემთხვევაში, ის მზად არის, სურს და შეუძლია სწრაფად შეასრულოს თავისი მისია, სისწრაფითა და ძალის გამოყენებით, თუკი ეს საჭირო გახდება.
იმედია, ირანი სწრაფად „დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან“ და გააფორმებს სამართლიან და თანასწორუფლებიან შეთანხმებას — არავითარი ბირთვული იარაღი — ისეთს, რომელიც კარგი იქნება ყველა მხარისთვის. დრო იწურება, მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს! როგორც ადრე ვუთხარი ირანს, დადეთ შეთანხმება! მათ ეს არ გააკეთეს და მოხდა ოპერაცია Midnight Hammer (შუაღამის ჩაქუჩი) — ირანის მასშტაბური განადგურება. შემდეგი შეტევა გაცილებით უარესი იქნება! ნუ დაუშვებთ, რომ ეს კვლავ განმეორდეს“, – დაწერა ტრამპმა.
ირანთან დაძაბულობის ფონზე ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი საზღვაო ძალები განათავსა.
ამასთან, ორშაბათს -მა ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი „რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად“ განათავსა. მედიის ინფორმაციით, რეგიონში ასევე გადასროლილია დამატებითი Patriot-ისა და THAAD-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები.
ტრამპის თქმით, ირანელებს შეთანხმება პირველივე ჯერზე რომ დაედოთ, ისინი თავიდან აიცილებდნენ სამხედრო ოპერაციას, სახელწოდებით “შუაღამის ჩაქუჩი”, როდესაც ბირთვული ობიექტები დაიბომბა.
„ივნისში ჩვენ ირანის ბირთვული პოტენციალი მიწასთან გავასწორეთ. ხალხი ამას 22 წელი ელოდა… მათ ბირთვული იარაღის შექმნამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა“, – განაცხადა ტრამპმა.
ირანი აცხადებს, რომ ზეწოლის პირობებში მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება. ირანელი მაღალჩინოსნების განცხადებით, აშშ-ის ნებისმიერი თავდასხმა „სწრაფ და ყოვლისმომცველ“ პასუხს გამოიწვევს.
ამერიკული გამოცემა Axios წერს, რომ იანვრის დასაწყისში ირანში ათასობით მომიტინგის მკვლელობის გამო, ახლოს იყო ირანის რეჟიმის სამიზნეებზე დარტყმის ბრძანების გაცემასთან. ამის ნაცვლად მან გადაწყვეტილება გადაავადა და პარალელურად დაიწყო რეგიონში სამხედრო რესურსების გადასროლა. თეთრი სახლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თავდასხმის ვერსია კვლავ განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი დიდწილად ჩახშობილია.
როგორც გამოცემა წერს, სიტუაციაში ჩახედული წყაროები ამბობენ, რომ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. სავარაუდოდ, ამ კვირაში დამატებით კონსულტაციებს გამართავს და მას სამხედრო მოქმედების ახალ ვარიანტებს წარუდგენენ. აღნიშნულ შესაძლებლობებს კიდევ უფრო აძლიერებს რეგიონში ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფის გამოჩენა.