ირანიდან ისრაელზე მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე, ისრაელში და თეირანის თავზე ფრენები შეწყდა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის დედაქალაქის, თეირანის, თავზე ყველა სახის სამხედრო, საგანგებო და სპეციალური ოპერაციების ფრენები, რომლებიც ვიზუალური ფრენის წესების მიხედვით დაფრინავენ, შეჩერებულია.
ამასთანავე, კომერციული ფრენებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა ისრაელმაც, რაც ძალაში ადგილობრივი დროით 01:00 საათიდან შევა.
საჰაერო სივრცე ასევე იორმაც დახურა, რაც ძალაში, სულ მცირე, კვირას დილამდე დარჩება. ამას გარდა, მანამდე გავრცელდა ცნობები, რომ დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი თვითმფრინავი უკან გაბრუნდა.
1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ს მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად, ემსხვერპლა. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა და ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს შურისძიებით დაემუქრნენ.
ირანის მუქარის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს საგარეო მდივანმა დევიდ კამერონმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა და ირანს ვითარების ესკალაციის წინააღმდეგ მოუწოდა.
ხოლო 10 აპრილს -ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელი გააფრთხილა, რომ ირანი “მნიშვნელოვანი იერიშის” მიტანას გეგმავდა და ისრაელს “რკინისავით მტკიცე” მხარდაჭერას დაჰპირდა. ამას გარდა, CNN-მა გაავრცელა ცნობა, რომ აშშ ირანული რაკეტების და დრონების ჩამოგდებაში ისრაელისთვის დახმარების გაწევას გეგმავდა. გუშინ ასევე Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში ისრაელი ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმისთვის ემზადებოდა.
ამას გარდა, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებული პორტუგალიური გემი ხელში ჩაიგდო. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა თქვა, რომ ირანი საერთაშორისო მეკობრეობის ბრალდებით უნდა გასამართლდეს.