პენტაგონის ინფორმაციით, ირანიდან გაშვებულმა დრონმა ინდოეთის ოკეანეში ქიმიურ ტანკერს დაარტყა. ხომალდ Chem Pluto-ზე დარტყმა ინდოეთის სანაპიროდან დაახლოებით 370 კილომეტრში განხორციელდა, რის შედეგადაც მასზე ხანძარი გაჩნდა და ტანკერს კონსტრუქციული დაზიანება მიადგა. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
პენტაგონის თქმით, ეს “ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი, იაპონიის კუთვნილი და ნიდერლანდებში მოქმედი ქიმიური ტანკერი” იყო. საზღვაო უსაფრთხოების კომპანიამ კი განაცხადა, რომ გემი დაკავშირებული იყო ისრაელთან და საუდის არაბეთიდან ინდოეთში მიემართებოდა.
ამას გარდა, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი იემენიდან სამხრეთ წითელ ზღვაში, საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვის ზოლებში ხომალდსაწინააღმდეგო 2 ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არცერთი გემი არ დაზიანებულა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის თქმით, ხომალდმა USS Laboon-მა, რომელიც ტერიტორიაზე პატრულირებს, 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც იემენიდან, ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გაშვებული და ამერიკული ხომალდისკენ მიემართებოდა.
ჰუსიტები, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, აცხადებენ, რომ მათ სამიზნეს ისრაელთან დაკავშირებული გემები წარმოადგენს, რისი მიზეზიც ღაზაში მიმდინარე ომია. თავდასხმების გაზრდილი რისკის გამო, ბევრმა გლობალურმა გადამზიდავმა წითელ ზღვაში ოპერაციები შეაჩერა. აშშ-მა კი, პარტნიორებთან ერთად, მათ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.