ირანის ხელისუფლებამ 4 იანვარს გამოაცხადა, რომ ეკონომიკური ზეწოლის შესამსუბუქებლად, ერთკვირიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ქვეყნის ყველა მოქალაქეს ყოველთვიურ დახმარებას გადასცემს.
„ფიზიკურ პირებს შეუძლიათ მიიღონ ერთი მილიონი თუმანის (დაახლოებით 7 აშშ დოლარი) ეკვივალენტური თანხა ერთ ადამიანზე თვეში. ეს თანხა მათ ანგარიშებზე ოთხი თვის განმავლობაში ჩაირიცხება“, – განუცხადა მთავრობის წარმომადგენელმა ფათემე მოჰაჯერანიმ სახელმწიფო ტელევიზიას.
მისი თქმით, თანხა ყველა ირანელს ოთხი თვის განმავლობაში გადარიცხვის სახით მიეცემა თანხა და მისი გამოყენება გარკვეული საქონლის შესაძენად იქნება შესაძლებელი. ის მიზნად ისახავს „ხალხზე ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას“.
ირანში, რომლის მოსახლეობაც 85 მილიონს აჭარბებს, მინიმალური ხელფასი დაახლოებით 100 დოლარია, ხოლო საშუალო თვიური ხელფასი დაახლოებით 200 დოლარი.
ირანელები ყოველდღიური საყიდლებისთვის ძირითადად მობილურ ტელეფონებსა და სადებეტო ბარათებს იყენებენ ნაღდი ფულის ნაცვლად.
ირანის ეკონომიკა წლების განმავლობაში ებრძვის აშშ-სა და საერთაშორისო სანქციებს თეირანის ბირთვული პროგრამის გამო. დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 52 პროცენტი იყო.
ეროვნულმა ვალუტამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ დოლართან მიმართებაში თავისი ღირებულების მესამედზე მეტი დაკარგა, რამაც გამოიწვია მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის მკვეთრი შემცირება და ქვეყანაში ფართო უკმაყოფილება.
4 იანვარი ისლამურ რესპუბლიკაში ფულის გაუფასურების შემდეგ ეკონომიკური გაურკვევლობის გამო ცალკეული საპროტესტო აქციების მერვე დღე იყო.
AFP-ის გამოთვლის თანახმად, რომელიც ოფიციალურ განცხადებებსა და მედიის ცნობებს ეყრდნობა, საპროტესტო აქციები, სხვადასხვა ხარისხით, სულ ცოტა, 40 სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.
ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით, დაღუპულია სულ ცოტა, 12 ადამიანი, მათ შორის უსაფრთხოების ძალების წევრები.
ფორუმი




