თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულთა ათი პირის პროცესი მიმდინარეობს, ბრალდებულების: ირაკლი ჩხვირკიასა და ნიკა გვენცაძის ადვოკატებმა სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართეს, გირაოს ოდენობის განსაზღვრა კი სასამართლოს მიანდეს.
ნიკა გვენცაძის ადვოკატის, ომარ ფურცელაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის შემთხვევაში არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა, რადგანაც არ არსებობს ქმედება იმისა, რომელიც ნიკა გვენცაძის დანაშაულს ადასტურებს.
„ნიკა გვენცაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რიკს უნდა განაპირობებდეს მისი პიროვნული მახასიათებლები და დანაშაულის ქმედების ხასიათი. მოლოდინი იმისა, რომ გვენცაძეს ინტერესი შეიძლება ჰქონდეს დანაშაულის ქმედებისა, მსგავსი ინტერესი არ არსებობს.
არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს გვენცაძის მხრიდან დანაშაულის ჩადენას. ახალი დანაშაულის ჩადენის ნაწილშიც სრულად ამოწურულია რისკები და არ არსებობს ქმედება, რომელიც შესაძლოა მის პატიმრობას განაპირობებდეს. ნიკა გვენცაძის ბრალდება არ ემყარება მოწმეთა ჩვენებას. ბუნებრივია, არ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების რისკი, რადგანაც საქმეში მოწმე ფიზიკურად არ არსებობს. ნულოვანია გამოძიების ხელშეშლის რისკიც და არ არსებობს მიმალვის საფრთხე.
გირაოს ოდენობა თვითონ განსაზღვროს სასამართლომ“, – განაცხადა ომარ ფურცელაძემ.
რაც შეეხება ბრალდებულ ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატის, ბორის (ჩელე) ყურუას პოზიციას, მისი თქმით, საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულის დასადასტურებლად მტკიცებულება არ არსებობს.
„როცა საუბრობს ბრალდების მხარე იმაზე, რომ წარმოდგენილია მტკიცებულებები, კი, ეს კარგად ჟღერს, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ირაკლი ჩხვირკია დანაშაულს სჩადის. ბრალდების მხარის „მტკიცებულება“ არის 13 – წამიანი ვიდეო, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არაფერს აშავებს, არ ანგრევს და ა.შ.
ამ 13 წამიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ირაკლი ჩხვირკია 6 წამით ჩანს და იქ ის დანაშაულის არ სჩადის. ამ 13 – წამიანი ვიდეოთი უნდათ ადამიანის პატიმრობა. ამასთან, მას არ განუხორციელებია არცერთი ქმედება, რაც შეიძლება სასამართლოს მხრიდან შეფასდეს იმდაგვარად, რომ მან მიმალვა სცადა.
მოგმართავთ გირაოს შუამდგომლობით, ოდენობა თავად სასამართლომ განსაზღვროს“, – განაცხადა ბორის (ჩელე) ყურუამ.




