ყველას მინდა აქტიურობისკენ მოვუწოდო, ვინაიდან ჩვენს პროფესიაში დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და პერიოდია, – ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მათი პრიორიტეტი ადვოკატის უფლებების განუყრელი დაცვა იქნება.
„ჩვენ გუშინ გვქონდა საერთო კრება, სადაც ავირჩიეთ კომისიის წევრები. კოალიციურად შევთანხმდით საარჩევნო კომისიის წევრების კანდიდატურებზე და 15-ივე საარჩევნო კომისიის წევრი ჩვენ ავირჩიეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო უბნის უსაფრთხოების დაცვას მაქსიმალურად შევეცადეთ. დღეს უკვე პროფესიის დაცვა ადვოკატების და ჩვენი მოვალეობაა, შესაბამისად, ყველას მინდა აქტიურობისკენ მოვუწოდო, ვინაიდან ჩვენს პროფესიაში დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და პერიოდია. ჩვენი პრიორიტეტი როგორც აქამდე, ასევე იქნება ადვოკატის უფლებების განუხრელი დაცვა. ვაპირებთ ცვლილებებს, მათ შორის, უფლებების დაცვის კომიტეტის ნაწილში. უამრავი გამოწვევა იქნება ჩვენს წინაშე, ყოველდღიურად ვინაიდან ვხედავთ, რომ ადვოკატის უფლებები ირღვევა. ჩვენ N1 რასაც უზრუნველვყოფთ არის ის, რომ ყველა ადვოკატის, განურჩევლად შეხედულებისა, დავიცავთ“, – განაცხადა ჩომახაშვილმა.




