საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ჭინკორაშვილი და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირანდა მელქაძე ესწრებოდნენ.
დელეგაციის წევრებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსაზრების მომზადების მიზნით, ამ უწყების საქმიანობაში პროკურატურის როლის შესახებ გენერალური პროკურორისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვენეციის კომისიის თანამშრომლობის საკითხებიც. შეხვედრის დასასრულს, გენერალურმა პროკურორმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.