ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის პოსტი კიდევ ერთხელ დატოვა – მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება

გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა – ინფორმაცია მისი გადადგომის შესახებ პროკურატურის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ამ განცხადებაში შოთაძე თავის გადაწყვეტილებას ჯანმრთელობის მდგომარეობით ხსნის.
“ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება. სწორედ ამიტომ უკვე მივმართე საქართველოს პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით”, – წერია 23 მაისის დილას პროკურატურის მიერ შოთაძის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში. ამავე განცხადებაში უკვე ყოფილი პროკურორი აფასებს ჩატარებულ სამუშაოებს და მიღწევად მიიჩნევს პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერებას და ტრანსნაციონალური დანაშაულების გამოძიებებში ეფექტურ მონაწილეობას საქართველოს მხრიდან.
ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის პოსტს ორჯერ იკავებდა.
პირველად ის გენერალური პროკურორი 2015 წელს გახდა, 2018 წლის 31 მაისს კი გადადგა მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს საპროტესტო აქციები მოჰყვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაურკვეველი დარჩა, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე, მაშინ, როცა პროკურატურას კონკრეტული ბრალდებული ჰყავდა.
შოთაძის გადადგომიდან მის ხელახლა დანიშვნამდე, 2018-2020 წლებში, გენერალური პროკურორის პოსტი ივანიშვილის ყოფილმა პირადმა ადვოკატმა შალვა თადუმაძემ დაიკავა. 2020 წელს ის ჯერ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშნეს, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარე გახდა.
შოთაძე მეორედ, ექვსწლიანი ვადით, გენერალური პროკურორის პოსტზე 2020 წლის 18 თებერვალს აირჩია პარლამენტმა, 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ.
ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად დანიშვნამდე, 2013-2015 წლებში, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე იყო – ამ დროს გენერალური პროკურორის პოსტს ოთარ ფარცხალაძე იკავებდა. ოთარ ფარცხალაძე 2023 წლის შემოდგომაზე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაა სანქცირებული, როგორც “ქართველ-რუსი ოლიგარქი. ვაშინგტონის მტკიცებით, ს ФСБ მას ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად იყენებდა.
2015 წელს პარლამენტარებთან საუბრისას შოთაძემ ფარცხალაძის შესახებ დასმული კითხვის პასუხად თქვა: „ოთარი ჩემი მეგობარია და, შესაბამისად, შეფასებისგან თავს შევიკავებ“. იქვე უარყო მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ იგი „ფარცხალაძის კადრი“ იყო. ფარცხალაძე და შოთაძე გენერალურ პროკურატურამდე ერთად მუშაობდნენ ფინანსურ პოლიციაშიც.
2022 წელს ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ სანქციის დაწესების მოთხოვნით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. ის თვლიდა, რომ შოთაძე კვლავ ფარცხალაძის ინტერესების გამტარი იყო გენერალურ პროკურატურაში და თავის დაქვემდებარებულ პირებთან ერთად ხელს უწყობდა საქართველოში ოლიგარქიული სისტემის არსებობას.
“ირაკლი შოთაძე თავადაც არ უარყოფს, რომ ანაკლიის პორტის საქმეზე ესწრებოდა ს ბიზნესცენტრში მამუკა ხაზარაძისა და ბადრო ჯაფარიძის შეხვედრას – პირდაპირ იყო ჩართული გარჩევებში. ის პირდაპირ კურირებს ყველა პოლიტიკურ საქმეს და [ს] არ იყოს, ‘ორჯერ თქმა არ სჭირდება’,” – ამბობდა მაშინ ელენე ხოშტარია. შოთაძესთან ერთად ის კიდევ ოთხი სხვა პროკურორის დასანქცირების საჭიროებაზე აკეთებდა აქცენტს.
ირაკლი შოთაძის ოფიციალური ბიოგრაფია ასეთია:
· 2005 წელს დაამთავრა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი.
· 2019 წლის მარტიდან მუშაობდა „სილქნეტის“ იურიდიულ კონსულტანტად. მისი ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ამავე კომპანიაში მუშაობს იურისტად მისი მეუღლე, ნინო გოტიაშვილი.
· 2018 წლის ნოემბრიდან არის ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი.
· 2015-2018 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურორი.
· 2013-2015 წლებში მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე. [ოთარ ფარცხალაძე მისი ხელმძღვანელი იყო 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე.]
· 2010-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე.
· 2009-2010 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი.
· 2006-2009 წლებში იყო თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
· 2006 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორი.
· 2006 წელს იყო გენპროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტი.
ფლობს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.
შოთაძის ბოლო წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში არ გვხვდება ჩანაწერი სამედიცინო მომსახურების ხარჯების შესახებ – უკანასკნელად დეკლარაცია , რომელიც 2023 წლის შემოსავლებს და ხარჯებს მოიცავს, მას 2024 წლის 30 აპრილს აქვს შევსებული და ამ დოკუმენტში ოჯახის წინა წლის ხარჯებიდან მხოლოდ შვილების სწავლის საფასური (ორი ბავშვისთვის 6 300 ევრო), წავკისის სახლის სარემონტო სამუშაოების ხარჯი (135 000 $, ავეჯისა და ტექნიკის 43 000 ლარი) ხარჯებია მითითებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”