ირაკლი შაიშმელაშვილი:
დღეს მოვიცალე და ვაიძულე ჩემს თავს, ორი საათი მეყურებინა ე.წ. საპარლამენტო კომისიის სხდომისთვის…
თქვენთვის, საზოგადოებისთვის, რამდენიმე განმარტება მინდა გავაკეთო:
არაფერია გასაკვირი, მაგრამ მაინც — ვეცდები, კონკრეტულ კითხვებზე პატარა განმარტებები მოგაწოდოთ:
1. ალეკო ტაბატაძის კითხვა:
„სანამ საგუშაგო დაიდგმებოდა, იქ გზის სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო. ტექნიკა მუშაობდა, ტრაქტორები შედიოდა — მაგ შემთხვევაში თუ კონტროლს ვერ ახორციელებდით, როგორ მუშაობდა ეგ ტექნიკა?“
— ამ კითხვას სვამს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე.
რეალობა: ღონისძიება დილის 05:00 საათზე დაიწყო და იმავე საღამოს უკვე ქართული დროშა ფრიალებდა (ფოტო ზუსტად იმ საღამოსაა გადაღებული). პირველადი ამოცანა იყო გზის გაჭრა ტყეში და წერტილამდე მისვლა — ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამის შემდეგ დაიწყო.
2. თენგიზ შარმანაშვილის კითხვა (ტრანსკრიპტი ვერ შევძელი ):
კითხვაში ირონიულად ამბობს, რომ გზა ისე გაიყვანეთ და უსაფრთხოება ისე გააკეთეთ, რუსებს შეეშინდათ და ვერ შეძლეს თქვენი შეჩერებაო?
— დიახ, ზუსტად ასე შესრულდა ღონისძიება!
ოკუპირებული წნელისი-გვირგვინის გზაზე ვაკვირდებოდით მათ გადაადგილებებს. მათი გადაადგილების დროს სამუშაოებს ვაჩერებდით, ვიცავდით სიჩუმის დისციპლინას, პერიმეტრს ჩვენი ბიჭები აკონტროლებდნენ. ტაქტიკურ დონეზე ყველაფერი იდეალურად შესრულდა — მხოლოდ მაშინ შეგვამჩნიეს, როცა დროშა აღვმართეთ.
ბატონი თენგიზი, როგორც ჩანს, ისევ იმ ილუზიაშია, რომ რუსეთი არის„ვტარაია არმია მირა“…
ისევ შარმანაშვილის კითხვაზე:
ინერტულ მასალებზე — დიახ, მოსახლეობა კარიერიდან იღებდა ინერტულ მასალებს. და დიახ, მას შემდეგ, რაც იქ საგუშაგო გავხსენით, მას შემდეგ უფრო დაცულად და უსაფრთხოდ გააქვთ, ვინაიდან ერთ-ერთი საგუშაგო ზუსტად რომ ამ კარიერზე დგას.
3. აპელირება, რომ მოსახლეობა ვეღარ სარგებლობს ტყით, თანაც წარდგენილი იყო 1,000,000 მ² ფოტო:
— კი, 2019 წლის სექტემბერში რუსებმა წაღვლის ფერდობზე (ჩორჩანა სხვა სოფელია, წაღვლი სხვა) ჩადგეს საგუშაგო, მაგრამ:
ა) როგორ მოახერხეს ზუსტად იმ ადგილას შემოსვლა, სადაც საგუშაგო უნდა დაგვედგა? მით უფრო უპირატესობა ჩვენ გვქონდა მოპოვებული იმ დროს..
ბ) რატომ არ საუბრობს კომისია იმაზე, რომ 15,000,000 მ² ტერიტორიაზე სახელმწიფო კონტროლი შევინარჩუნეთ?
გ) 2019 წლის შემდეგ რა ქმედითი ნაბიჯი გადადგა ხელისუფლებამ რუსების გასაყვანად? რომელ საერთაშორისო პლატფორმაზე დააყენა ეს საკითხი და განიხილა, იმსჯელა?
4. სოზარ სუბარის თეზა:
„წაღვლსა და ჩორჩანას რუსული საგუშაგოები ადგას თავზე და ცხოვრება გაუსაძლისი გახდა მოსახლეობისთვისო.“
— სავარაუდოდ, რუკა მხოლოდ ზედხედით აქვს ნანახი.
რაც იქ შსს თანამშრომლები შევიდნენ, მას შემდეგ მოიხსნა უსაფრთხოების პრობლემები და მეტიც, ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა. თუ დღეს მიტოვებულები, შეშინებულები და დაუცველები არიან — ეს ისევ ამ ხელისუფლების ბრალია.
ისევ სუბარი და წულუკიანის მომცელავი კითხვა: — ბატონი შერმადინი ტყუის?
დიახ, ჩორჩანის მოვლენების შემდეგ, გარკვეული პერიოდით ახალგორის ე.წ. გადასასვლელი პუნქტი დაიხურა, თუმცა ერგნეთის ფორმატში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გაიხსნა.
ახალოგორის გარდა არსებობს კიდევ ორი ესეთი ე,წ სასაზღვრო პუნქტი პერევში: ქრძმანი და სინაგური. აფხაზეთის მიმართულებაზე რუხი და ფახულანი. იცით რამდენჯერ ჩაკეტეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში? იცით რამდენჯერ მოახდინეს მანიპულაციები? შეიძლება კომისიამ არ იცოდეს მაგრამ ამის სტატისტიკა წარმოებს, გამოითხოვონ, ჩაიხედონ. იცით რატომ წარმოებს სტატისტიკა საოკუპაციო ხაზზე სხვადასხვა აქტივობებთან დაკავშირებით? იმიტომ რომ ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია და მონაცემები გამოიყენოს სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში, ინსტრუმენტებად რუსეთის წინააღმდეგ. 2019-2022 წლებში ნინო ლომჯარიას (როგორც სახალხო დამცველს), თუ არ ვცდები, სამჯერ აქვს დაყენებული ეს საკითხი საერთაშორისო დონეზე, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში ფაქტები. კომისია კი საქართველოს აბრალებს…
და ბოლოს:
კობახიძემ ამაყად თქვა იმედში — „ჩორჩანას ამოცანა გახარიას დიფ სთეითმა დაავალაო“
და აქვე ამატებს — ოპოზიციურმა ტელევიზიებმა კი ეს საერთოდ არ გააშუქეს, რადგან მათაც დიფ სთეითმა დაავალა ამ ამბის იგნორიო…
აი, რა იყო რეალობა: იმედის გარდა არცერთი ჟურნალისტი არ უნდა შეგვეშვა ჩორჩანას ტერიტორიაზე — ეს იყო დავალება… (ფორმულას და ტვ პირველის ჟურნალისტებს ხან რომელ ტყეში ვიჭერდი და ხან რომელ ბილიკზე)
— გახარიას „დიფ სთეითი“ არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ოპოზიციური ტელევიზიების „დიფ სთეითის“ სახელსა და გვარებს სიამოვნებით მივაწვდიდი კობახიძეს.
P.S. ბოდიშით ვრცელი სტატუსისთვის, თუმცა, ვფიქრობ, ღირს წაკითხვა.