ადვოკატთა საქმიანობის დამოუკიდებლობა კონსტიტუციური სტანდარტით არის დაცული – მქონდა კომუნიკაცია და მათ შორის საჯარო განცხადებით მივმართე საკანონმდებლო ორგანოს, მოვითხოვეთ ამ პროცესში ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობა,- ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ყანდაშვილმა განაცხადა, რითაც მმართველი პარტიის მიერ დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც მოქმედი კანონით თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება.
ირაკლი ყანდაშვილის მოლოდინი აქვს, რომ ორშაბათს იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართება.
„აღნიშნული კანონის პროექტის ცვლილებების საჯაროდ გახდომის შემდეგ, გარკვეული მოსაზრებები დაფიქსირდა საზოგადოებაში, მათ შორის ადვოკატთა ასოციაციის და ადვოკატის პროფესიის დამოუკიდებლობის რისკებთან დაკავშირებით, მინდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული საკითხი გამორიცხულია. ადვოკატთა საქმიანობის დამოუკიდებლობა კონსტიტუციური სტანდარტით არის დაცული.
რაც შეეხება იურიდიული დახმარების შესახებ კანონის ცვლილებების პროექტს, ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციამ გააკეთა საჯარო განცხადება. მე მქონდა კომუნიკაცია და მათ შორის ამ საჯარო განცხადებით მივმართე საკანონმდებლო ორგანოს, მოვითხოვეთ ამ პროცესში ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობას. დღეს კომუნიკაცია შედგა საქართველოს პარლამენტთან. მაქვს მოლოდინი, ორშაბათს იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელ პირთან შეხვედრის“,- განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.
ინფორმაციისთვის, იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც მოქმედი კანონით თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე, პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება. სამსახურის ხელმძღვანელი ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. ამასთან, პრემიერს ენიჭება სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება. ეს ყველაფერი ასახულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
ამასთან, იცვლება როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლების წესები, ისე სამსახურის მმართველი კოლეგიური ორგანოს − იურიდიული დახმარების საბჭოს დაკომპლექტების მოდელი.




