ყოფილი პრემიერმინისტრის, განსაკუთრებით დიდი ოდენბით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, “ბატონ ირაკლის არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია”.
“ბატონი ირაკლი თავს ცნობს დამნაშავედ ეთანხმება ბრალს, რაც დაკავშირებულია მისი მხრიდან უკანონო შემოსავლების მიღებაში, რაც ებმის მის კერძო სექტორში, ბიზნესში ყოფნას და შემდგომ პერიოდს, როცა ის იკავებდა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, იყო კითხვები, თუ რატომ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო.
[…]
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალად არ ედება საბიუჯეტო თანხების მითვისება, გაფლანგვა ან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. […] დაცვს მხარე ვაპიებთ იმას, რომ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან კანონის ფარგლებში”. – თქვა ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა.
ღარიბაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილს უკანონო შემოსავლები არ ჰქონია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, მისი თქმით, საუბარია კერძო ბიზნესიდან მიღებულ თანხაზე 2016 წლიდან დღემდე.
“ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარედგინა, არა სხვა თანამდებობის პირების მიმართ თანამშრომლობის, არა მათთან დანაშაულებრივი კავშირის, არა რაიმე განზრახვის და ბიზნესის დატერორების და ა.შ. არამედ, კონკრეტულად, მას ბრალი წარედგინა 2016 წლის შემდეგ, როდესაც ის იყო პირველად პრემიერმინისტრი, მან დატოვა თანამდებობა და წავიდა კერძო ბიზნესში. მისი ბიოგრაფია საჯაროა, ცნობილია, ამ პერიოდში მას ჰქონდა ჩინურ სოლიდურ კომპანიასთან ურთიერთობა, საიდანაც ჰქონდა სოლიდური შემოსავალი. ამ ბიზნესის წარმოების დროს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი მობრუნდა, ძალიან კარგად იცით რა პირობებში მოხდა ეს ყველაფერი, მას არ ეს სურდა, არ იყო მისი მიზანი, მაგრამ მოხდა.
აქედან გამომდინარე, გამოძიება სწორედ იმას ედავება, რომ მისი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხა 6.5 მილიონი დოლარი – ეს არის 2016 წლიდან დღემდე ბიზნესწარმოებით, მისი საკუთარი ბიზნესიდან შემოსული თანხები – ეს არის სწორედ დაუსაბუთებელი ქონება. არავინ არ ეხმარებოდა, საკუთარი ბიზნესი იყო, ღვინის ინდუსტრია, ღვინის ქარხანა, რომლის ხელმძღვანელი არის მისი მამა, ტარიელ ღარიბაშვილი”. – განაცხადა ლილი გელაშვილმა.
24 სექტემბერს ყოფილ პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.




