ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში, ხარჯვითი ნაწილი 165 მლნ ლარით გაიზრდება. აქედან, უდიდესი ნაწილი – 130 მლნ ლარი ისევ ჩვენს რეგიონებში პროექტების დაფინანსებას მოხმარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საბოლოოდ, რეგიონული ფონდი 580 მლნ ლარი გახდება, რაც „ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტებს მომავალ წელს მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება შეეძლებათ“.
„გარდა ამისა, მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენ დამატებით 15 მლნ ლარი გამოვყავით და ეს თანხა გურიაში იმ ოჯახების კომპენსაციებისთვის მოხმარდება, რომელთა სახლები სტიქიის დროს დაზიანდა. ჩვენ 15 მლნ ლარს წელს ამ ადამიანებს ჩავურიცხავთ, სახლებს, ბინებს შევიძენთ. არც ერთი ოჯახი არ დარჩება დახმარების გარეშე, ეს მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ, მკაფიოდ. დამატებით, 15 მილიონს გამოვყოფთ უკვე 2024 წელს.
კიდევ ერთხელ შევაჯამებ, რომ საბოლოოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 25 მლრდ ლარი იქნება, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მატება. 2012 წელს ბიუჯეტი 9 მილიარდ ლარამდე იყო, დაახლოებით, 8.6 თუ 8.7, მნიშვნელობა არ აქვს, 9 მილიარდ ლარამდე იყო ბიუჯეტი. აქაც 3-ჯერ არის გაზრდილი და მთლიანი ეკონომიკაც არის გაზრდილი 3-ჯერ.
კიდევ ერთხელ მადლობა ბატონო ლაშა [ფინანსთა მინისტრი] თქვენ და თქვენს გუნდს, ყველა მინისტრს მინდა მადლობა გადავუხადო, ჩვენს პარლამენტს, შესაბამის კომიტეტებს, რომლებმაც ინტენსიურად იმუშავეს მთავრობასთან ერთად. ჩვენ ბევრი ინიციატივა მოვისმინეთ მათგანაც, გავცვალეთ აზრები, ძალიან საინტერესო პროცესი გავიარეთ. ვფიქრობ, რომ ფისკალური თვალსაზრისით და ეკონომიკური თვალსაზრისით დაბალანსებული, პროგრამების შინაარსით საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტი გვაქვს, რომელიც მომდევნო წელს ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე აისახება და რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებასაც“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.