ირაკლი ღარიბაშვილი – სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია – საჭიროა დისკუსია, მეორეს მხრივ, ასეთი მუქარა, შანტაჟი, თუ განცხადებები პროდუქტიული და შედეგის მომტანი არ არის

სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, თუ ხალხს – ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო, საერთოდ ეს მიდგომა უკვე არასწორია, ჩვენ ერთის მხრივ ვადასტურებთ და ვამბობთ, რომ დისკუსია, განხილვა გვინდა, მეორეს მხრივ, ასეთი მუქარა, შანტაჟი, თუ ასეთი განცხადებები პროდუქტიული და შედეგის მომტანი არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, დისკუსია და დიალოგი აუცილებელია.
„სანამ მე ვიტყოდი, პრემიერსაც არაერთხელ აქვს ნათქვამი, ჩვენმა კოლეგებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ყველამ თქვა, რომ მზად არის გუნდი დისკუსიისთვის. თუ პროცედურულად სხვა გამოსავალი ამ სიტუაციაში არ არსებობს, ალბათ, ამას გულისხმობდნენ ჩვენი კოლეგები, თუ ვეტო არის გამოსავალი და ვეტოს ფარგლებში შესაძლებელია ისეთი ტერმინოლოგია თუ გამოსავალი, რომელიც ამ სიტუაციას განმუხტავს, თუ ყველა ჩართულ მხარეს დაამშვიდებს, დააწყნარებს და იმას მიაღებინებს, რაც მისაღებია, მე მგონი, ეს იდეალური შემთხვევა იქნებოდა.
რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს, რა თქმა უნდა, კიდევ გავიმეორებ, აუცილებელია დისკუსია, დიალოგი, ეს უნდა გაგრძელდეს. რაზე უნდა დაასანქცირონ საერთოდ, აი, რატომ უნდა მოხდეს? სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, თუ ხალხს – ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო, საერთოდ ეს მიდგომა უკვე არასწორია, ჩვენ ერთის მხრივ ვადასტურებთ და ვამბობთ, რომ დისკუსია, განხილვა გვინდა, მეორეს მხრივ, ასეთი მუქარა, შანტაჟი, თუ ასეთი განცხადებები პროდუქტიული და შედეგის მომტანი არ არის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
კითხვაზე, შესაძლოა, ეკონომიკას ზარალი მიადგეს, ქვეყანა ევროკავშირში ვერ გაწევრიანდეს, ღარიბაშვილი პასუხობს, რომ სწორედ ამიტომაა „დიალოგი სწორი“.
„ძალიან აპოკალიფსურ სურათს ნუ ხატავთ, ძალიან გთხოვთ! ამიტომ ვთქვი, რომ საჭიროა დისკუსია, ამიტომ თქვა პრემიერმაც, გუნდის ყველა ლიდერისგან მოვისმინე იგივე განცხადებები, პარლამენტის თავმჯდომარემაც თქვა, დეპუტატებმაც თქვეს, საჭიროა, ამ პროცესში ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.