რა თქმა უნდა, ჩვენ არავითარ პროვოკაციებს არ დავუშვებთ. კარგია, რომ ეს აქცია სხვა დღეს იმართება, არ დაამთხვიეს, გონიერება ეყოთ და ეს მისასალმებელია. აქცია გაიმართება კვირას, ორშაბათს ჩვენი აქცია გაიმართება, მე მგონი, ყველაფერი კარგად იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, „გამოხატვის უფლება ყველას აქვს და ეს უფლება არავის ჩამოერთმევა, ვინაიდან ქვეყანაში დემოკრატიაა“.
„რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, მე ამაში ვერაფერს უჩვეულოს ვერ ვხედავ. აქვე მინდა ჩვენს ხალხს ვუთხრა შემდეგი ინფორმაცია, დღეს, ქვეყანაში, ოფიციალურად რეგისტრირებულია 31 041 არასამთავრობო ორგანიზაცია. ამდენ თას არასამთავრობოს თითო წარმომადგენელი მაინც ხომ ეყოლება, დირექტორი მაინც ხომ იქნება, თუ ეს ხალხი გამოვა და ჯერ ერთი, ამის მესამედი ვნახე რუსთველზე, ამაში უჩვეულო არაფერი არ არის. ამიტომ, რაც უნდათ, ის გააკეთონ, შეიკრიბონ, რა თქმა უნდა, გამოხატვის უფლება ყველას აქვს და ეს უფლება არავის ჩამოერთმევა, ჩვენ დემოკრატია გვაქვს ქვეყანაში, ეს ხდებოდა სააკაშვილის დროს. აქვე მინდა კითხვა დავსვა, თუ რომელიმეს გახსოვთ, სააკაშვილის მმართველობის დროს, ოდესმე თუ ყოფილა კრიტიკა იგივე ევროპარლამენტიდან, ან სენატიდან, ან კონგრესიდან – ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელილი მდგომარეობის შესახებ? ადამიანებს კლავდნენ პირდაპირ ქუჩაში, ხვრეტდნენ, ციხეში აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნეს ართმევდნენ, არეკეტებდნენ, ნული – სრული სიჩუმე იყო, ნული გამოხმაურება. ჩვენი ხალხი იყო ბედის ანაბარა მიტოვებული. კიდევ გავიმეორებ, ყოველთვის შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ამ კრიტიკოსებს, რომ ხელისუფლებაში ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არ მოსულიყო, ქვეყანა არ გვექნებოდა. არ გახსოვთ რა ხდებოდა? მედია არ არსებობდა, სად იყო მედია, სააკაშვილის რუპორები იყვნენ, უკაცრავად ახლა. სასამართლო, პროკურატურა არ არსებობდა, ყველაფერი საკუთარი ინტერესების გამტარებლად ჰქონდა მოქცეული ამ ადამიანს, დღეს თავისუფლებაა. სასამართლოზე რომ ლაპარაკობენ, უცხოური, ძალიან მაღალი ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ შეფასებული რეიტინგებით ჩვენს ქვეყანას კანონი უზენაესობის რეიტინგებში პირველი ადგილი გვაქვს აღმოსავლეთ ევროპისა და ფართო რეგიონის მასშტაბით, ევროკავშირის 10-ზე მეტ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას ვუსწრებთ, ამაზე ისაუბრონ, ამაზე ეფიქრათ, ამხელა დიქტატორი რომ გამოიზარდა და ეს მანიაკი, ლამის ქვეყანა რომ გადააყოლა, აქ ომი და უბედურება შემოიტანა, ნგრევა შემოიტანა ამ ადამიანმა.
რა თქმა უნდა, ჩვენ არავითარ პროვოკაციებს არ დავუშვებთ, კარგია, რომ ეს აქცია სხვა დღეს იმართება, არ დაამთხვიეს, გონიერება ეყოთ და კარგია ეს, მისასალმებელია, 28-ში იმართება, ბზობის დღეს, როგორ შეიძლება, მაგრამ გასაგებია მათი ეს მრწამსი და მათი დამოკიდებულება. აქცია გაიმართება კვირას, ორშაბათს ჩვენი აქცია გაიმართება, მე მგონი, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.