ირაკლი ღარიბაშვილი – მგონი, საქმე გვაქვს ძალიან დიდ ანტიქართულ მოვლენასთან, ეს არის პირდაპირ შეტევა პატრიარქზე, ეკლესიაზე – ეს სალომე ზურაბიშვილის სახეს წარმოაჩენს – ნიღაბი, რაც მას ჰქონდა, ჩამოხსნილია

ის ნიღაბი, რაც მას [სალომე ზურაბიშვილს] ჰქონდა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩამოხსნილია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ის საქართველოს პრეზიდენტის, ს მიერ პატრიარქთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ „ეს ეკლესიაზე შეტევაა“.
„ნებისმიერ მოქალაქეს ჰკითხეთ, როგორ შეიძლება პატრიარქზე, რომ ასეთ მკრეხელურ განცხადებას გააკეთებს ადამიანი და მითუმეტეს, ვინ? – პრეზიდენტი. აქ მე მგონი, საქმე გვაქვს ძალიან დიდ ანტიქართულ მოვლენასთან, მე არ მოვერიდები ამის თქმას, ეს არის დიდი ანტიქართული მოვლენა, ეს არის პირდაპირ შეტევა პატრიარქზე, ეკლესიაზე. მე ვფიქრობ, ეს თავად სალომე ზურაბიშვილის სახეს წარმოაჩენს ძალიან კარგად. ის ნიღაბი, რაც მას ჰქონდა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეს ნიღაბი არის ჩამოხსნილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეკლესიასთან დაკავშირებით Chatham House-ში, დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა. ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეკლესია პროდასავლურ რიტორიკას გაჰყვება და შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის. პრეზიდენტის თქმით, პატრიარქმა ილია მეორემ ეკლესიის გზა მტკიცედ შეინარჩუნა. „ძალიან კომპლექსური ვითარებაა ეკლესიასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი დიდწილად დღევანდელი სისუსტეა პატრიარქის, რომელმაც ამ ეკლესიის გზა ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლურმა ეკლესია აქ, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან იმ მხრივ, რომ მიდრეკილია მიყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებებს. ასე რომ, იმედი მაქვს, ეკლესია ამ შემთხვევაში, ასევე, გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ასევე, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია, ასევე, შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.