საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. მისი ავტომობილი სასამართლოს ეზოში უკანა შესასვლელიდან შევიდა, რის გამოც მედიამ მხოლოდ შორიდან შეძლო მისი დანახვა – ავტომობილიდან გადმოსვლის და შენობაში შესვლისას.
ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე განიხილავს.
პროკურატურა ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. უწყება მის მიმართ მოითხოვს დამატებითი ვალდებულებების დაკისრებასაც, კერძოდ, საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარებას და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას.
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა სხდომის დაწყებამდე მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.
“კომენტარებს გავაკეთებთ აღკვეთის ღონისძიების განხილვის შემდეგ… დაცვის პოზიცია არის ისეთი, რომ ბრალს ეთანხმება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი”, – თქვა ადვოკატმა.
იმასთან დაკავშირებით, ექნება თუ არა სხვა შეთავაზება დაცვის მხარეს, პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაოს გარდა, ამირან გიგუაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე სასამართლოს სხდომაზე ისაუბრებს.
“მას [ირაკლი ღარიბაშვილს] აქვს სიტყვის უფლება. ისარგებლებს თუ არა, ეს არის მისი გადასაწყვეტი”, – თქვა ამირან გიგუაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
სისხლის სამართლის მუხლით გათვალისწინებული ეს დანაშაული, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 9-დან 12 წლამდე.




