ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საქართველოსა და EBRD-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ის პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
პრესსამსახურის ინფორმაციის თანახმად, მთავრობის მეთაურმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების კუთხით EBRD-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების საშუალებას იძლევა.
„ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. პრემიერ-მინისტრმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციები გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურად მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და მთავრობის ეფექტურმა პოლიტიკამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოუტანა.
ყურადღება ასევე გამახვილდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებზეც მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ოდილ რენო ბასომ განიხილეს თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, რომელიც შეადგენს დაახლოებით 5 მილიარდ ევროს 289 პროექტში. ირაკლი ღარიბაშვილმა ოდილ რენო ბასოს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა