ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს ჩვენ საამაყო სასამართლო გვყავს, არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და სასამართლო სისტემაში არ დავუშვებთ – თავმოყვარეობა არ გვაქვს დამოუკიდებელ, ამხელა ისტორიის ერს?

დღეს ქართული მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი ყოველგვარი უცხოური ჩარევებისგან. მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ საამაყო ქართული სასამართლო გვყავს , – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო სისტემაში არ დაუშვებს.
„დღეს ქართული მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი ყოველგვარი უცხოური ჩარევებისგან. მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ საამაყო ქართული სასამართლო გვყავს. ამას შემთხვევით არ ვამბობ – ქართული სასამართლო. ეს არის ქართული ინსტიტუცია, ინსტიტუტი, რომელიც გამართულად მუშაობს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არიან საქართველოს პატრიოტი მოქალაქეები. რა თქმა უნდა, ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ჩვენი ხელისუფლება არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო სისტემაში არ დავუშვებთ. ეს არის დაუშვებელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგების მიხედვით, „ჩვენი ქვეყანა არა მარტო რეგიონში არამედ ევროპულ ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, პირველ ადგილზე არის კანონის უზენაესობის და ზოგადად მართლმსაჯულების გამართული სისტემის მიხედვით“.
„საერთოდ რაზე არის საუბარი? ზოგადად ჩვენ პრეტენზია და ამბიცია გვაქვს მეგობრებო, რომ ვიყოთ და ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ უნდა მოიწვიოთ უცხოეთის მოქალაქეები, ახლა წარმოიდგინეთ. ჯერ ერთი ვინ დასვა და ვინ შეამოწმა მათი კეთილსინდისიერება, ჯერ მათი კეთილსინდისიერება. ჩვენ საერთოდ თავმოყვარეობა არ გვაქვს დამოუკიდებელ ერს, ამხელა ისტორიის ერს, რომ გარედან უცხო ქვეყნის მოქალაქე არ მოვიწვიოთ და მათ არ შეგვიმოწმონ ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერება (ასე დავარქვათ)? რა გამოცდილებაზეა საუბარი? ყველა მოსამართლეს საკმარისზე მეტი გამოცდილება აქვს, 20 და 30 წლიანი. ისინი გუშინ და გუშინწინ არ მოსულან. ყველას შევახსენებ, მათ შორის ამ კრიტიკოსებსაც, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში, რომ მოვედით მათი პირველი რეკომენდაცია კი არა პირდაპირ ინსტრუქცია, დავალება იყო, რომ სასამართლოს არ შეეხოთ. მაშინ მოსამართლეებმა თავად აირჩიეს ეს ადამიანები, ჩვენ აბსოლუტურად არ ჩავრეულვართ სასამართლო სისტემაში. დღემდე 300 მოსამართლე თავად წყვეტს საკუთარი სისტემის ბედს. თავად მართავენ სისტემას და ჩვენ არავითარი ჩარევა არ გვაქვს. ამიტომ კეთილი ინებონ და პატივი სცენ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობას. ეს საერთოდ არის დიდი აბსურდი, ამაზე საუბარი, რომ გვიწევს ეს ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის შეურაცხმყოფელი, რომ ჩვენი ქართული სასამართლოს და მოსამართლეების კეთილსინდისიერება, რომ შეგვიმოწმონ უცხოეთის მოქალაქეებმა.
გახსოვთ, რამდენი მაგალითი არსებობს, იგივე გააკეთეს თუ არ ვცდები ში და სხვაგანაც, ჩართული იყო ვინ? – ადეიშვილი და კიდევ ვიღაცეები. როგორ შეიძლება, რომ ადეიშვილისნაირმა, ბოროტი სისტემის არქიტექტორებმა, შეამოწმოს დღეს ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერება. ეს არის დაუშვებელი და მიუღებელი აბსოლუტურად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ