ირაკლი ღარიბაშვილი – დასაქმებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – ეს ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ მოიტანა, თორემ წინა ხელისუფლება რომ ყოფილიყო, ქვეყანას მეორედ და საბოლოოდ დააქცევდნენ

1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია დღეს ქვეყანაში, ეს ოფიციალურად, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციაა, ასევე, რეკორდულია დასაქმების დონეც – ეს ბოლო წლებში, ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ და იმ ნაბიჯებმა მოიტანა, რომლებიც ჩვენ გადავდგით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, დღეს რომ წინა ხელისუფლება ყოფილიყო, არც მშვიდობა იქნებოდა და არც ეკონომიკური ზრდა.
„რაც შეეხება ზოგადად, მიმდინარე ეკონომიკურ ვითარებას, იცით, რომ ჩვენ წელს 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ახლაც ძალიან კარგი ტენდენციებია და მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიტიური დინამიკა შევინარჩუნოთ. მინდა „საქსტატის“ მიერ წინა კვირას გავრცელებულ ინფორმაციას გამოვეხმაურო, ეს ეხება ეკონომიკურ აქტივობას და დასაქმების საკითხებს. წელს, დასაქმებულთა რაოდენობა ყველა კვარტალში გაიზარდა. მესამე კვარტალშიც გაიზარდა, მეორეშიც, პირველშიც. მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია დასაქმებულთა რაოდენობამ ქვეყანაში. 1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია დღეს ქვეყანაში. ეს ოფიციალურად არის „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ასევე რეკორდულია დასაქმების დონეც. ეს ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ და იმ ნაბიჯებმა მოიტანა, რომელიც ჩვენ გადავდგით, იმ მშვიდობის პოლიტიკამ, რომელიც ჩვენ გვაქვს, თორემ დღეს რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება და წინა მთავრობა, დღეს არც მშვიდობა იქნებოდა, არც ეკონომიკური ზრდა, არაფერი არ იქნებოდა. ქვეყანას ისინი მეორედ და საბოლოოდ დააქცევდნენ და გაანადგურებდნენ, როგორც მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ეს ქვეყანა. ამიტომ, ჩვენ მშვიდობიან პოლიტიკას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას და განვითარების მაღალ ტემპს ვინარჩუნებთ“, – განაცხადა პრემიერმა.