ყველა ბოროტებას შორის რაც სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა ბანდამ ჩაიდინა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, 2008 წლის აგვისტოს ომი დარჩება ყველაზე მძიმე დანაშაულად, რომლის პატიება არ შეიძლება! – არათუ ხელისუფლებაში არ უნდა მოვუშვათ აღარასოდეს, არამედ სამუდამოდ უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ასეთ მოღალატე პოლიტიკურ ორგანიზაციას, ვინც ჩვენი ძირძველი ტერიტორიები დაკარგა, გააჩუქა და გაყიდა,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, არცერთი მმართველის დროს არ ყოფილა ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი.
„დღეს თქვენს წინაშე სიტყვით გამოსვლისას, თავს არ შეგაწყენთ და არ ჩამოვთვლი იმ სიკეთეებს, რაც 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიულ გამარჯვების შემდეგ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და ჩვენი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოუტანა საქართველოს თითოეულ რეგიონს, ჩვენს მოქალაქეებს. ყველას კარგად გვახსოვს როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით და როგორ შეიცვალა ვითარება მას შემდეგ, რამდენჯერ გაუმჯობესდა სიტუაცია ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, მაგრამ დღევანდელ გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება მინდა დავუთმო ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მიღწევას, რაც სწორედ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მმართველობამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას თითოეულ მოქალაქეს – ეს არის მშვიდობა!
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, არცერთი მმართველის დროს არ გვქონია ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი. ბოლო 12 წელია ქვეყანაში გვაქვს უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობა, არ გვქონია ომი, არ დაგვიკარგავს ტერიტორიები, რაც არასდროს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, არცერთი მმართველის დროს არ მომხდარა საქართველოში! 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა გადაიტანა სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, სამოქალაქო ომი, ომები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, გმირი ჯარისკაცები და გმირი პოლიციელები, რამდენიმე ასეულ ათას მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში დევნილობაში უწევს ცხოვრება, გამოვიარეთ უკიდურესი ეკონომიკური კრიზისი და სიდუხჭირე, სააკაშვილის ავტოკრატიული მმართველობა, ჩაგვრა, უსამართლობა, ხალხის დახოცვა, ტანჯვა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, მედიის, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და მუდმივი, უწყვეტი ქაოსი, უსამართლობა და განუკითხაობა…
და მაინც ყველა ბოროტებას შორის რაც სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა ბანდამ ჩაიდინა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, 2008 წლის აგვისტოს ომი დარჩება ყველაზე მძიმე დანაშაულად, რომლის პატიება არ შეიძლება! ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, ომი არ იყო გარდაუვალი და კიდევ გავიმეორებ რაც ბევრჯერ მითქვამს: მაშინ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი ეს ომი არ მოხდებოდა! ახლა, როცა უკვე ჩვენმა ხელისუფლებამ ჰააგაში და სტრასბურგში მოვიგეთ აგვისტოს ომთან დაკავშირებული ყველა პროცესი, აუცილებელია ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, მაგალითად რატომ არ ააცილა თავიდან ეს ომი სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩვენს ქვეყანას და ხალხს, რატომ გადადგა ასეთი წინდაუხედავი ნაბიჯები, რომლის შედეგების გათვლა ძალიან მარტივი იყო და პატარა ბავშვიც კი მიხვდებოდა რას გამოიწვევდა მისი ავანტიურისტული, უგუნური და მოღალატეობრივი ნაბიჯები… დღეს ეჭვი არავის ეპარება რომ მათ მშვენივრად იცოდნენ თუ რას აკეთებდნენ და დღემდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება, მაგალითად, რატომ დააბრუნეს 2007 წელს საქართველოდან გაყვანილი რუსეთის ჯარი კიდევ უფრო დიდი ძალით რამდენიმე თვეში და რატომ ჩააბარეს 100-ზე მეტი სოფელი, რომელიც ომამდე ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო? რატომ გადასცეს უბრძოლველად, რატომ აჩუქეს კოდორის ხეობა? ომის დასრულების შემდეგ რატომ მოაწერეს ხელი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო რეზოლუციას? ომის შემდეგ რატომ გააგრძელეს ცხოვრება ისე თითქოს არაფერი მომხდარა, რატომ გადასცეს სტრატეგიული ობიექტები, რატომ გაუხსნეს ცალმხრივად უვიზო რეჟიმი, ეს იმ დროს როდესაც პარალელურად რუსეთს დაწყებული ჰქონდა სამხედრო ბაზების მშენებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
ასეთი უმძიმესი დანაშაულის და ღალატის ჩამდენი კრიმინალური ბანდა დღესაც აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე… ამიტომ არათუ ხელისუფლებაში არ უნდა მოვუშვათ აღარასოდეს, არამედ სამუდამოდ უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ასეთ მოღალატე პოლიტიკურ ორგანიზაციას, ვინც ჩვენი ძირძველი ტერიტორიები დაკარგა, გააჩუქა და გაყიდა!- აღნიშნა ღარიბაშვილმა.