ირაკლი ქაშიბაძე ხელისუფლებას ურჩევს ქვეყანაში არსებული ვითარება Chat GPT-ით გააანალიზონ – “სამწუხარო შედეგს მიიღებენ”

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დამფუძნებელი და ვენჩურულ ფონდ Future Lab-ის მმართველი პარტნიორი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ურჩევს ქვეყანაში არსებული ვითარება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გააანალიზონ და ნახავენ, რომ სამწუხარო შედეგს მიიღებენ. ამის შესახებ ირაკლი ქაშიბაძემ გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა.
„რჩევა მექნება, რომ ხელისუფლებაში უფრო მეტად გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი პროცესების ანალიზისთვის და გამოსავლის მოძიებისთვის, რადგან დღეს ძალიან ღრმა კრიზისში ვართ, რომელიც ძალიან ბევრ დარგზე უარყოფით ეფექტს მოახდენს“, – ამბობს ირაკლი ქაშიბაძე და დასძენს, რომ საინფორმაციო ეპოქაში ინფორმაციასა და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა გაზრდილია, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტთან.
„დღეს Chat GPT-ის მეშვეობით შეიძლება ძლიერი ანალიზის გაკეთება იმისა, რაც ქვეყანაში ხდება. ხელისუფლების, მთავრობის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ალბათ შეუძლიათ Chat GPT-ში შეიყვანონ და სთხოვონ რეალურ რეჟიმში გააანალიზონ სიტუაცია, რაც ქვეყანაში ხდება და თავისთვის ძალიან სამწუხარო შედეგებს მიიღებენ. იმიტომ რომ ქვეყანამ ევროპისკენ სვლა შეაჩერა და ხელოვნური ინტელექტის მიერ ძალიან საინტერესო ანალიზი გაკეთდება… რაზედაც სულ [ხელისუფლება] აპელირებენ რომ გაანალიზების უნარი არ აქვთ… ხელოვნური ინტელექტი მილიარდობით ინფორმაციას აანალიზებს, კონცეფციებს, ფსიქოლოგიურ თეორიებს, ისტორიას … საქართველო განსხვავდება უნგრეთისგან, სერბეთისგან, ბელარუსისგან, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ევროპულ სწრაფვას და მომავალს უჭერს მხარს. შესაბამისად, როგორც მედიცინაშია, რომ კონკრეტული წამალი სხვადასხვა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს, კონკრეტული კონცეფციები, რომლებიც ახლა გამოიყენება, საქართველოში არ იმუშავებს“, – განაცხადა მან.
ირაკლი ქაშიბაძე განმარტავს, რომ კრიზისის დროს სტარტაპ სექტორი უფრო მდგრადია და ამაზე კარგად მეტყველებს სა და ისრაელში კრიზისულ პერიოდში სტარტაპებში ინვესტირების მაჩვენებელი, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანა გლობალურად არსებული გამოწვევებისთვის მზად უნდა იყოს, ამ დროს კი ქვეყანაში შიდა საკითხებია მოსაგვარებელი.
„სტარტაპ დარგზე კრიზისის პერიოდში იგივე ისრაელსა და უკრაინაში ინვესტირება გაიზარდა, რადგან ეს მდგრადი დარგია. აქ ქვეყნისთვის შეიქმნება პრობლემა, რომ ყველა ნიჭიერი ადამიანი ქვეყნიდან წავა. მათთვის ეს პრობლემა არ იქნება. ისინი ყველგან მოთხოვნადები იქნებიან და ყველა ეძებს იმ ხალხს, ვინც მათთვის პროგრესს შექმნის. ჩვენ სხვა პრიორიტეტებზე და საფრთხეებზე ვსაუბრობთ, მსოფლიოში კი ხელოვნური ინტელექტის განვითარების კუთხით სხვა საფრთხეები არსებობს – ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს. წელიწადში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები დაახლოებით 5-ჯერ იზრდება და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ქვეყანაში ნაკლებად უნდა შევქმნათ პოლარიზაცია და მეტად უნდა გავერთიანდეთ“, – აღნიშნავს Future Lab-ის მმართველი პარტნიორი.