„ჯორჯიან ეარვეისმა“ ახალი ავიახომალდის „ბოინგ 767-300“ – ის პრეზენტაცია გამართა, რომლითაც 17 ივნისს, ქართველი ქომაგები გერმანიაში, საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ გაემგზავრებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათი ცნობით, „ჯორჯიან ეარვეისი” ქართული ავიაკომპანიებიდან პირველია, რომელმაც მსგავსი ბორტი საქართველოს ავიაბაზარზე შემოიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, „ბოინგ 767-300“ გამორჩეულია მაღალი უსაფრთხოებითა და მგზავრებისთვის განსაკუთრებული კომფორტით. ბორტის უპირატესობა ხანგრძლივი პირდაპირი ფრენების შესრულებაა. მას უწყვეტი 12 საათიანი პირდაპირი რეისის შესაძლებლობა გააჩნია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიახომალდი ამ ეტაპზე რეისებს ჩინეთის, ტაილანდის და ინდოეთის ქალაქების მიმართულებით განახორციელებს.
„მივესალმებით პირველ ფართოფიუზელაჟიან ე.წ. Wide Body ხომალდს საქართველოს ავიაციაში. ქართული ავიაკომპანიისთვის ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი დიდი ზომის საჰაერო ხომალდი ჰყავს. მისი ტევადობა 250 მგზავრზე მეტია და მას 12 საათამდე შეუძლია ფრენა, რაც უკვე საშუალებას გვაძლევს და ავიაკომპანიაც გეგმავს, რომ ჩინეთის მიმართულებით აქტიურად დაიწყოს ფრენები.
ასევე, ტაილანდი და ინდოეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზრებია ჩვენთვის და მივესალმებით ამ მიმართულებების განვითარებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ხელს შევუწყობთ ყველა ქართულ ავიაკომპანიას, განსაკუთრებით, იმისთვის, რომ ავითვისოთ ახალი ბაზრები, მოვიზიდოთ უფრო მეტი ტურისტი ჩვენს აეროპორტებში. მინდა, მადლობა გადავუხადო „ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ მუდმივად ზრუნავენ ქართული ავიაციის განვითარებისთვის და შესაძლებლობას აძლევენ, როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებს, რომ იფრინონ საქართველოში და მოინახულონ ჩვენი ულამაზესი ქვეყანა“, – განაცხადა ქარქაშაძემ.
„ჯორჯიან ეარვეისის“ ცნობით, ახალი ავიახომალდის პრეზენტაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. მას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელი გოჩა მეზვრიშვილი და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე დაესწრნენ.
„ბორტი 250-ადგილიანია და მოიცავს პირველი კლასის სალონსაც. ყველა სავარძელი, როგორც პირველი და ბიზნეს კლასის, ასევე ეკონომ კლასის სავარძლები აღჭურვილია ინდივიდუალური მართვისა და მულტიმედია სისტემებით. „ჯორჯიან ეარლაინს გრუპის“ პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა სტუმრებს ავიახომალდის მთავარი მაჩვენებლები და მუშაობის პრინციპი, უსაფრთხოების საკითხები, მაღალი სტანდარტები და ხომალდის სხვა უპირატესობები გააცნო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.