წილად მხვდა ბედნიერება და პატივი, რომ მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის აღმშენებლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ – შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა განვითარების თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე ავიდა, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ გაგრძელდება , – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს და რევაზ სოხაძეს, რომელიც მინისტრის თანამდებობაზე ქარსელაძეს შეცვლის და საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„პირველ რიგში, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან დიდი მადლობა ასეთი მაღალი შეფასებისთვის, თბილი სიტყვებისთვის. წილად მხვდა ბედნიერება და პატივი, რომ მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის აღმშენებლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ და ბუნებრივია ამ შესაძლებლობებისთვის, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო, ბიძინა ივანიშვილს, მთლიანად “ოცნების” გუნდს. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ის შედეგები, რაც მივიღეთ. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა განვითარების თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე ავიდა, რაც რა თქმა უნდა კიდევ გაგრძელდება, კიდევ უფრო დაწინაურებული და წარმატებული იქნება. ბუნებრივია შეუძლებელი იქნებოდა ამ მიზნის მიღწევა და ამოცანების შესრულება, რომ არა ერთიანი ძალისხმევა და გუნდი. ბუნებრივია, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამთავრობო გუნდს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, თითოეულ ჩემს კოლეგა მინისტრს, მათ მოადგილეებს. ამასთან, სამინისტროების ყველა იმ ადამიანის, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები. ამ ძალისხმევით ხდებოდა სწორედ ამ შედეგის მიღება. დიდი მადლობა საპარლამენტო გუნდს, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით და თითოეულ დეპუტატს, რომელიც ასევე, ძალიან აქტიურად იყო ჩართული. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, იმ პროფესიონალს, რომელიც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობდა, მუშაობს და მხარდამხარ ვახორციელებდით ამ საქმეს. რა თქმა უნდა, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მუნიციპალური განვითარების, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, ყველა კონტრაქტორს და ყველა იმ პროფესიონალს, რომელიც ასრულებდა ღირსეულად, წესიერად და პატიოსნად ყველა იმ საქმეს, რომლის შედეგადაც ჩვენ ასეთი უპრეცედენტო პროექტების განვითარების ეტაპი გადავლახეთ. გრძელდება ეს ყველაფერი, რაშიც ბუნებრივია, ბატონ რევაზს მინდა დიდი წარმატება ვუსურვო. გამომდინარე იმ დიდი მნიშვნელობიდან, რომელიც ამ პროექტებს გააჩნია. ბევრი მიმდინარეა, ბევრია ახალი პროექტი, შესაბამისად, დიდი წარმატება თქვენ, ჩვენს ქვეყანას და მთლიანად ჩვენს გუნდს. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მგულშემატკივრობდა და ასევე, ობიექტური კრიტიკით გვავსებდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო უკეთესები ვყოფილიყავით”, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
