ირაკლი ქადაგიშვილი – „ქურდს ქუდი ეწვისო“ – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანია, ადამიანებს „თვალში ნაცარი შეაყარონ“ და დააჯერონ, რომ რაც მათი ხელისუფლების დროს მოხდა, “ქართული ოცნების” ბრალია

„ქურდს ქუდი ეწვისო“ – ნათქვამია. მათი [“ნაციონალური მოძრაობის”] ერთადერთი მიზანია, რომ ადამიანებს „თვალში ნაცარი შეაყარონ“ და დააჯერონ ის, რომ, რაც მათი ხელისუფლების დროს მოხდა “ქართული ოცნების” ბრალია , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, აგვისტოს ომის დაწყების გადაბრალება “ქართულ ოცნებაზე” არ გამოუვათ.
„ერთი რამ ნათლად უნდა გავითვალისწინოთ, კონკრეტული მოცემულობა გვაქვს – რუსეთმა წინა ხელისუფლების დროს მოახერხა, ძალიან სამწუხარო და უმძიმესი ფაქტი, საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ესაა რეალობა. შემდგომში ამ რეალობის “სამართლებრივი” დადასტურება მოახდინა იმდროინდელმა ხელისუფლებამ, როდესაც მათ ტალიავინის კომისიის მიერ გამოტანილ დასკვნასაც და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიღებულ რეზოლუციასაც მოაწერეს ხელი. ეს არის ის ორი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც ემყარება 2008 წლის ომის შეფასება. ორივე ეს სამართლებრივი იურიდიული დოკუმენტი არის საქართველოს სახელმწიფოს საზიანოდ მიღებული “ნაციონალური მოძრაობის” დროს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ქართულმა ჯარმა დაიწყო დაბომბვა და რომ იძულებული გახდა გამოეყენებინა შესაბამისი ძალა. აქედან გამომდინარე, ხან რუსეთმა, ხან რადიკალურმა ოპოზიციამ რაც უნდა ისაუბროს, მშრალი ფაქტი მშრალ ფაქტად რჩება.
რაც არ უნდა ეცადოს “ნაციონალური მოძრაობა”, რომ მათ პერიოდში მომხდარი ეს საშინელი აგრესია და ოკუპაცია დღევანდელ ხელისუფლებას გადმოაბრალოს, არაფერი გამოვა.
„ქურდს ქუდი ეწვისო“, ნათქვამია. მათი ერთადერთი მიზანია, ადამიანებს თვალში ნაცარი შეაყარონ და დააჯერონ ის, რომ რაც მათი ხელისუფლების დროს მოხდა “ქართული ოცნების” ბრალია”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ