სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ბიჭვინთის აგარაკების თემაზე პარლამენტის შეკრება და რეზოლუციის მიღება შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის აქტივიზაცია იქნება – ამას არც საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი მოჰყვება და არც რაიმე იურიდიული დატვირთვა ექნება, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში, „ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
როგორც ამ კონტექსტში ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ იცის, რომ საქართველო ოკუპაციის პირობებში ვერაფერს შეცვლის, მაგრამ არის მცდელობა იმისა, რომ აღნიშნული საკითხი შიდა პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოიყენონ.
„ამას ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ სიტუაციის ესკალაციისთვის და „ქართული ოცნების“ იმაში დადანაშაულებისთვის გამოიყენებს, თუ საერთოდ რატომ მოხდა ოკუპაცია – იტყვის, რომ ოკუპაციის გაგრძელება ჩვენი ბრალია.
აქუბარდიას და სხვებს მეტი საქმე რომ არა აქვთ, უნდათ პარლამენტი შეკრიბოს და ამაზე ერთი ამბავი ატყდეს.
ადგილი აქვს ოკუპაციას. ოკუპაციის დროს მიღებული ყველა სამართლებრივი აქტი საერთაშორისო სამართლით ბათილად არის აღიარებული, რასაც საქართველოს სახელმწიფო ყოველ ჯერზე აფიქსირებს.
საქართველოს განცხადებასთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება უკვე ვნახეთ. ეს არის ის, რისი გაცხადებაც და გაკეთებაც დღეს აშშ-ს შეუძლია – რაც არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გაცხადება, ამის იქეთ აშშ-ი ვერაფერს გააკეთებს, რომ არაფერი ვთქვათ სხვა ქვეყნებზე”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
27 დეკემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.