საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანა ანუ დეოკუპაცია თუ იქნება ევროპის მხრიდან საქმიანად წამოჭრილი, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მისასალმებელი ფაქტია, თუკი სადმე რამე იქნება რეალურად ამ მიმართულებით გაკეთებული და არა ესკალაციისთვის.
“თვეების განმავლობაში უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება, სადაც ჩართულები არიან: ამერიკა, რუსეთი და უკრაინა – მოლაპარაკების მაგიდასთან არ არის ევროკავშირი. ახლა ევროკავშირის სურვილია, რომ ამ მაგიდასთან თვითონაც წარმოდგენილი იყოს. არ ვიცი, რამდენად დაჯდება ევროკავშირი ამ მაგიდასთან, მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანა, ანუ დეოკუპაცია თუ იქნება ევროპის მხრიდან საქმიანად წამოჭრილი – ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, რადგან ევროკავშირის მასშტაბით ჯერ იმის აღიარებაც კი გვიჭირს, რომ რუსეთის 2008 წლის ქმედებისთვის აგრესია და ქვეყნის ოკუპაცია დაერქმიათ. ძალიან ერიდებოდნენ ამის ოფიციალურ დოკუმენტებში ასახვას. ამიტომ, ზუსტად არ ვიცი ეს რა კონტექსტშია, მაგრამ თუკი სადმე რამე იქნება რეალურად ამ მიმართულებით გაკეთებული და არა ესკალაციისთვის, რა თქმა უნდა, მისასალმებელია”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კითხვაზე, “იმის ფონზე, რომ პარლამენტში კაია კალასი მუდამ კრიტიკისა და ლანძღვის ადრესატია, რას ნიშნავს მისი ეს განცხადება?”, ქადაგიშვილმა უპასუხა, რომ “ილანძღებიან ისინი, ვინც საქართველოზე დაუსაბუთებელ შეტევას ახორციელებენ.”
“ჩვენ კი არ ვილანძღებით, ილანძღებიან ისინი, ვინც საქართველოზე დაუსაბუთებელ შეტევას ახორციელებენ. ჩვენ კი ვიგერიებთ ამ დაუსაბუთებელ შემოტევებს – ამაზე მკაფიო ზღვარი გავავლოთ. მეტი როგორ გითხრას იმ სახელმწიფომ, რომელიც მთელ მსოფლიოში და კონკრეტულად, საქართველოში აფინანსებდა გადატრიალებებს.
რაც შეეხება რუსეთის ჯარის გაყვანას, თუ ვინმე ამ მიმართულებით რაიმე საქმიანს და კონკრეტულს გააკეთებს, მივესალმებით”, – განმარტა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მოიპოვეს დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის გაავრცელა, დოკუმენტში ჩამოთვლილია ის დათმობები, რაზეც რუსეთი უკრაინასთან შეერთებული შტატები შუამავლობით მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში უნდა წავიდეს.
მოთხოვნები მოიცავს რუსული ჯარების რაოდენობის შემცირებას და მეზობელი ქვეყნებიდან მათ გაყვანას, რეპარაციების გადახდას და საზოგადოების დემოკრატიზაციის აუცილებლობას.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ულტიმატუმი ითვალისწინებს ბელარუსში ბირთვული იარაღის არარსებობას და „რუსეთის სამხედრო ყოფნისა და განლაგების აკრძალვას ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში“.„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ რუსეთის ჯარები ათწლეულების განმავლობაში არიან განლაგებული რუსეთის მიერ კონტროლირებად სეპარატისტულ რეგიონებში, როგორიცაა აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და დნესტრისპირეთი, ასევე ბაზები სომხეთსა და ბელარუსში.




