ვეტო დაიძლევა, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, გააზრებული და სამართლიანი იყო, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, რომელიც მან “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს დაადო.
ქადაგიშვილის თქმით, მას იმედი არ აქვს, რომ სამართლებრივ არგუმენტებს ამ ვეტოს შემთხვევაში მაინც მოისმენს.
“ვეტო დაიძლევა, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ გააზრებული და სამართლიანი იყო. ჩვენი საარჩევნო კოდექსი საერთაშორისო, ყველაზე მაღალი სტანდარტის, ცოტა უფრო მაღლაც მდგომიც კია, ამიტომ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია.
სამწუხაროდ, ვერცერთ ვეტოსთან დაკავშირებით მოტივირებული, სამართლებრივი შენიშვნა ჩვენ ვერ მოვისმინეთ. ვნახოთ, იმედი არ მაქვს რომ ამ შემთხვევაში რაიმე სამართლებრივი არგუმენტი გასჩენოდა მას”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.