როცა ადამიანთა ჯგუფი მოდის, სახლში გივარდება, გაგინებს, გწყევლის და მიმართავს ყველა მეთოდს, რომელიც შეიძლება ადამიანის მწყობრიდან გამოყვანას ემსახურებოდეს, მერე რატომ უკვირთ, რომ იქითაც ადამიანები არიან და მათაც მოთმინების ფიალა ევსებათ? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, „როცა პოლიტიკურად აბსოლუტურად გაბანკროტებული ხარ, ზედაპირზე ტივტივის ერთადერთი შესაძლებლობაა, პროვოკაცია მოაწყო“.
„როცა ადამიანთა ჯგუფი მოდის, სახლში გივარდება, გაგინებს, გწყევლის და მიმართავს ყველა მეთოდს, რომელიც შეიძლება ადამიანის მწყობრიდან გამოყვანას ემსახურებოდეს, პოლიციის კორდონს და ჯებირს რომ ანგრევენ და ისე აგრესიულად იგინებიან და იწყევლებიან, მერე რატომ უკვირთ, რომ იქითაც ადამიანები არიან და მათაც მოთმინების ფიალა ევსებათ? როცა პოლიტიკურად აბსოლუტურად გაბანკროტებული ხარ, ზედაპირზე ტივტივის ერთადერთი რამ არის, რომ პროვოკაცია მოაწყონ, შემდეგ ვინმემ ამაზე ხელი მოგიქნიოს და მერე ამაზე იწუწუნო და იტირო. ასევე, საგზლად გაატანო ხიდაშელს და ზურაბიშვილს ამერიკაში, რომ აქ თურმე რას გვიშვრებიან. ეს არის, მეტი არაფერი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.
