ეს ყველაფერი დაორგანიზებული იყო – არსებობს „ჰეითერების“ ჯგუფი, რომელთა მიზანიც ნებისმიერი სახალხო ზეიმის და ქვეყნის წარმატების ნეგატივად ქცევაა, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა იმ ნეგატიურ შეძახილებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომელიც თავისუფლების მოედანზე, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისთვის გამართულ ღონისძიებაზე პრემიერ ირაკლი კობახიძის გამოჩენას მოჰყვა.
ქადაგიშვილმა მომხდარს “პროვოკაცია“ უწოდა.
დეპუტატის შეფასებით, “ამ სურათმა ნათელყო, რომ საზოგადოებას არავინ ანგარიშს არ უწევს“.
“არის სიძულვილის მთესველთა, “ჰეითერების“ ჯგუფი, რომელთა მიზანია ნებისმიერი სახალხო ზეიმი ან ქვეყნის წარმატება ნეგატივად აქციოს. ეს ადამიანები, რომელთაც აჟიოტაჟი ატეხეს, ორგანიზებულად, ერთ პატარა ჯგუფად იდგნენ, თუმცა საზოგადოება ამას არ აჰყვა.
ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ნაწილმა ზეიმზე დაპირისპირების სხვა მიმართულებით მოწყობაც სცადა, როდესაც ღონისძიების წამყვანთან და ერთ-ერთ ფეხბურთელთან დაკავშირებით უდიდესი ზიზღის კამპანია ააგორეს.
არის საზოგადოების ეს ნაწილი, რომელთა ნომერ პირველი ამოცანა არის რევანში. მათ საერთო ეროვნული ამოცანები არ გააჩნიათ. ქვეყნის ნებისმიერი წარმატება რამენაირად რაიმე ნეგატივში უნდა გადათარგმნონ და ჰყავთ გარემოცვა, რომელთა მეშვეობით ამ ნეგატივის წარმოჩენას მოახერხებენ.
ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რეალურად ვის რა ამოძრავებს ამ ქვეყანაში და ვის რა მიზანი აქვს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.