ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტმა საღამოს გამოსცა შეწყალების აქტი და დილიდან დაიწყო გათავისუფლება, რა არის ანტიჰუმანური?

არაფერი არ გაუჭიანურებია [მიხეილ ყაველაშვილს], გამოიცა შეწყალების აქტი და დღეს დილიდან ამ აქტის შესაბამისად მოხდება შეწყალებულ პირთა გათავისუფლება – პრეზიდენტმა თქვა რომ ნათლისღებას გამოვცემ შეწყალების აქტსო, 19 იანვარს გამოიცა შეწყალების აქტი, 20 იანვარს დილიდან დაიწყება შეწყალებულ პირთა გათავისუფლება, რა არის ამაში დაუძლეველი, ანტიჰუმანური თუ საშინელი ქმედება? – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან პატიმრების შეწყალების აქტზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ადამიანების ბედით სპეკულაცია ყველაზე დიდი არაჰუმანურობაა.

„რა არის ამაში ისეთი სენსაციური, არაჰუმანური და საშინელება, რომ [ისმოდეს კითხვა] შეწყალების აქტი რატომ გამოქვეყნდა საღამოს და დილიდან რატომ დაიწყება გათავისუფლება.

ადამიანების ბედით სპეკულაცია არის ყველაზე დიდი არაჰუმანურობა. პრეზიდენტმა თქვა რომ ნათლისღებას გამოვცემ შეწყალების აქტსო, 19 იანვარს გამოიცა შეწყალების აქტი, 20 იანვარს დილიდან დაიწყება შეწყალებულ პირთა გათავისუფლება – რა არის ამაში დაუძლეველი ანტიჰუმანური თუ საშინელი ქმედება?”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის თქმით, პატიმრების ახლობლებს ჰქონდათ მიზანი, “საკუთარი პატიმრით გაეწიათ სპეკულაცია, რომ სასპეკულაციო მასალა შეექმნათ საზოგადოებაში ხელისუფლების იმიჯის დასაზიანებლად”.

„ყოველთვის ასეა, რომ რაღაც პერიოდში გამოიცემა შეწყალების აქტი და რამდენიმე საათში იწყება გათავისუფლების პროცედურა, მაგრამ დღეს ამას მოჰყვა ამხელა აჟიოტაჟი. ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოპოზიციური ტელევიზიებით თუ სოც.ქსელების გარკვეული სეგმენტი [აცხადებდა], რომ ახლა გამოიცემა და ეს ხალხი უნდა გათავისუფლდესო. მთელი დღის განმავლობაში გამიზნულად პროპაგანდა მიმდინარეობდა… კარგად იციან, რომ ამ შეწყალების მთელი სამართლებრივი გზები არსებობს.

მთელი ამ ხნის განმავლობაში მიდის პროპაგანდა, რომ ჩვენ არავითარი შეწყალება არ გვინდა და რომც შეგვიწყალოს ამ არალეგიტიმური პრეზიდენტისგან ამას და იმას არ მივიღებთ და ა.შ.

მიზანია, რომ საზოგადოებაში მუდმივად დაპირისპირების და დაძაბულობის მუხტი იყოს შენარჩუნებული. ეს არის და მეტი არაფერი, თორემ პატიმართა მშობლებმაც იციან, რომ სულ მცირე მიმართვა მაინც არის საჭირო.

როდესაც რეალურად ვინმეს უნდა, რომ ვინმე შეიწყალოს, ქმედებები სხვანაირია. არც ელოდებიან და არც სურვილი ჰქონდათ. პატიმრის გულშემატკივრებს და მშობლებს როცა ადამიანის შეწყალება სურს, იქ სხვანაირი რიტორიკა და ქმედებები მიდის. ჩვენ პირიქით, სხვა რიტორიკას და ქმედებებს ვხედავდით მთელი ამ დროის განმავლობაში და მიზანი არა შეწყალების მიღწევა, არამედ სწორედ ამ სპეკულაციის და სპეკულანტური, დაძაბული გარემოს შექმნა იყო…

მიზანი ჰქონდათ, რომ საკუთარი პატიმრით გაეწიათ სპეკულაცია, რომ სასპეკულაციო მასალა შეექმნათ საზოგადოებაში, თითქოს ხელისუფლების იმიჯის დასაზიანებლად”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისი განმარტებით, ვისაც იწყალებენ, იმას ამ შეწყალების მიღების სურვილი მაინც უნდა გააჩნდეს.

„ყაველაშვილს არავისგან არანაირი ლეგიტიმაციის აღიარება არ სჭირდება. ეს ლეგიტიმაცია საქართველოს კონსტიტუციით და ამ კონსტიტუციის შესაბამისად წარმართული დემოკრატიული პროცესის მიერ აღიარებულია. ზოგადად, შეწყალების მნიშვნელობას თუ დააკვირდებით და იმ კანონებს წაიკითხავთ, რომელიც ამ აქტს უზრუნველყოფენ, მიხვდებით რა არის საჭირო [შეწყალებისთვის]. სულ მხირე ის მაინც უნდა იცოდეთ, რომ ვისაც იწყალებენ იმას ამ შეწყალების მიღების სურვილი მაინც უნდა გააჩნდეს”, – განმარტა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 159 პირი შეიწყალა. იყო მოლოდინი, რომ შეწყალება შესაძლოა, შეხებოდათ აქციების დროს დაკავებულ პირებს, რის გამოც, როგორც რუსთავის, ასევე გლდანის ციხესთან მსჯავრდებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები მივიდნენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია იმ პირთა ვინაობა, ვინ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა.