ირაკლი ქადაგიშვილი – პეტერ ფიშერის დაბრუნება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციის შედეგად მოხდა – ჩვენი მიზანი არ არის, გერმანიასთან ურთიერთობის დაძაბვა და გაფუჭება

[პეტერ ფიშერის] დაბრუნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციის შედეგად მოხდა – ჩვენი მიზანი არ არის, გერმანიასთან ურთიერთობის დაძაბვა და გაფუჭება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ქვეყანას უნდა, რომ ელჩი თავის ფუნქციებს ასრულებდეს და არა, ოპოზიციურ საქმიანობას ახალისებდეს.
“მისი დაბრუნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციის შედეგად მოხდა და ამის თაობაზე საგარეო საქმეთა უწყება წინასწარ ინფორმირებული იყო. ნებისმიერ ელჩთან ურთიერთობაში ჩვენი მიზანი რა არის?! ელჩი ხიდი იყოს ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის. თუ ის ამ კონსულტაციების შემდეგ ამ პოლიტიკის და პრაქტიკის გატარების მიზნით ჩამოდის, ჩვენთვის სახელს და გვარს არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს შინაარსს. ყველა ქვეყანას უნდა, რომ ელჩი თავის ფუნქციებს ასრულებდეს და არა, ოპოზიციურ საქმიანობას ახალისებდეს. ყველა ქვეყანას უნდა, რომ მისი პრესტიჟიც შეინარჩუნოს. მზად ვართ, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანას ხელი გავუწოდოთ. ჩვენი მიზანი არ არის, გერმანიასთან ურთიერთობის დაძაბვა და გაფუჭება. გვაწუხებს და მომავალშიც შეგვაწუხებს, თუ ელჩი უარყოფითი პრაქტიკის დამნერგავი იქნება. თუ დადებით პრაქტიკას დანერგავს, რა გვარის კაციც არ უნდა იყოს, ამას მნიშვნელობა არ აქვს,” – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, – ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„თბილისში გერმანიის ელჩი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ დღეს საქართველოში დაბრუნდა. ის ჩვენი სრული მხარდაჭერით განაგრძობს თავის ერთგულ საქმიანობას“, – წერს გერმანიის საგარეო უწყება.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩი პეტერ ფიშერი რამდენიმე კვირის წინ კონსულტაციებისთვის გაიწვია.