ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციის ბოროტ, გესლიან სიტყვებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ – ეს ამნისტია ის არის, რაც სჭირდება სახელმწიფოს და ხალხისთვის იქნება კარგი

ამ ამნისტიის განხორციელებას ოპოზიციის ნაწილიც ითხოვდა. პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოფნის დროს მიმართა მათ, რომ ამ მუშაობაში ჩაერთონ და მათი პოზიციებიც ყოფილიყო გათვალისწინებული – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან „ამნისტიის შესახებ” კანონზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამნისტია არის ის, რაც სჭირდება სახელმწიფოს და რაც ხალხისთვის იქნება კარგი.
„კარგა ხნით ადრე იყო გაცხადებული, რომ გარკვეულ მუხლებზე ამნისტია განხორციელდებოდა. ამ ამნისტიის განხორციელებას ოპოზიციის ნაწილიც ითხოვდა. პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოფნის დროს მიმართა მათ, რომ ამ მუშაობაში ჩაერთონ და მათი პოზიციებიც ყოფილიყო გათვალისწინებული. ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობისთვის” და რადიკალური ოპოზიციისთვის საქართველოს ნებისმიერი წინსვლა არის წინასაარჩევნო [პიარად] მონათლული. მაგალითად, ის რომ ჩვენი სახელმწიფოს ბიუჯეტს დამატებით 519 მილიონი ლარი შეემატა, რაც ქვეყნის და ხალხისთვის საჭირო პრიორიტეტებზე გადანაწილდა, ესეც წინასაარჩევნო ხრიკია. ამიტომ, ჩვენ მათ ამ ბოროტ, გესლიან სიტყვებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის რაც კარგია მუდმივად ის უნდა ვაკეთოთ. ამ შემთხვევაშიც ეს ამნისტია ის არის, რაც სჭირდება სახელმწიფოს და ხალხისთვის იქნება კარგი”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში “ამნისტიის შესახებ” კანონის პროექტი დაინიცირდა.
როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, ამნისტია არ შეეხებათ მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.