ეს იყო იმდროინდელი სახელმწიფო ხელმძღვანელობის წინდაუხედავი პოლიტიკის გარკვეული შედეგიც, რომელმაც ვერ შეძლო პოლიტიკის ისე მართვა, რომ ქვეყანა ამ აგრესიის წინაშე არ დაეყენებინა და ვერ მოახერხა ამ უმძიმესი შედეგების თავიდან აცილება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან აგვისტოს ომზე საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა რამენაირად გადღაბნოს ადამიანების მეხსიერებაში ეს თარიღები.”
„ეს გახლავთ ერთ-ერთი უმძიმესი ფურცელი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, როდესაც საქართველო გახდა რუსეთის აგრესიის პირდაპირი მსხვერპლი და ამან გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, შემდგომ უკვე რუსეთის ფედერაციის მხრიდან მათი უკანონოდ მართვა და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ამან, რა თქმა უნდა, პოლიტიკური თვალსაზრისით და გარკვეულწილად სამართლებრივი კუთხითაც გაართულა მომავალში ამ რეგიონების საქართველოსთან რეინტეგრაციის პროცესი. ამავდროულად, ეს იყო დიდი ტრაგედია თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც ამ ომის შედეგად კვლავ იქცნენ დევნილებად და ამავდროულად ჩაიკეტა ის ურთიერთობა, რომელიც მანამდე არსებობდა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსა და სხვა ადამიანებს შორის. აგრეთვე, ეს იყო ქართული ჯარის ბრძოლის მაგალითი და ბევრი გმირი ქართველი ჯარისკაცი და მებრძოლი გმირულად დაეცა, შეეწირა სამშობლოსათვის ბრძოლას და ეს მათი გმირობის, მათი ნათელი ხსოვნის განმაპირობებელია.
ეს იყო იმდროინდელი სახელმწიფო ხელმძღვანელობის წინდაუხედავი პოლიტიკის გარკვეული შედეგიც, რომელმაც ვერ შეძლო პოლიტიკის ისე მართვა, რომ ქვეყანა ამ აგრესიის წინაშე არ დაეყენებინა და ვერ მოახერხა ამ უმძიმესი შედეგების თავიდან აცილება.
„ნაციონალურ მოძრაობას” უნდა რამენაირად გადღაბნოს ადამიანების მეხსიერებაში ეს თარიღები. ალბათ ამას ემსახურება, რადგან ამ ტრაგედიის და აგრესიის დატრიალების შემდეგ მუდმივად აღინიშნებოდა 8 აგვისტო. ერთი რამ ნათლად არის გასაგები, ისინი ცდილობენ მაქსიმალურად არეულობა შეიტანონ, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ საზოგადოებამ არ იცოდეს რეალურად, რომელი თარიღი არის ის, რასაც ჩვენ მივაგებთ პატივს, ჩვენს გმირებს და რა თარიღია, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ იმ ტრაგედიას, იმ აგრესიის შედეგებს, რაც რუსეთის აგრესიას და “ნაციონალური მოძრაობის” სრულიად გაუცნობიერებელ და მავნებლურ პოლიტიკას მოჰყვა. ამიტომ, ისინი ცდილობენ საზოგადოებაში დაბნეულობა შემოიტანონ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.