მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებდა ლაზარე გრიგორიადისს, რა თქმა უნდა, დიდი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ დიდი ხანია ეს ადამიანი აღარ წარმოადგენს საქართველოს ერთიანი ინტერესების დამცველს. ის არის კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებსაც რევოლუციური სცენარების განვითარება სურთ, გაუგზავნა გზავნილი, რომ რამდენჯერაც არ უნდა ისროლონ მათ „მოლოტოვის კოქტეილი“, სახელმწიფოს, პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ, ის მათ შეიწყალებს.
„ამით ერთხელ კიდევ უთხრა მან ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც რევოლუციური სცენარებისთვის არის აღტყინებული და მოწადინებული: „რამდენჯერაც ისვრით საქართველოს სახელმწიფოს, ქართული პოლიციისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „მოლოტოვის კოქტეილს“, ნუ გეშინიათ, სამართალს როდესაც დააყენებს ქართული სასამართლო, მე, რა თქმა უნდა, როგორც პროექტის ადამიანი და არა საქართველოს პრეზიდენტი, ყოველთვის შევიწყალებ ადამიანებზე, პოლიციელებზე და ქართულ სახელმწიფოზე „კოქტეილის“ მსროლელს“ – ეს არის მისი გზავნილი, მისი პოზიცია და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს მომავალი 6 თვის განმავლობაში ასეთი ანტისახელმწიფოებრივი პოზიციის მქონე ადამიანის ატანა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფის გიორგი აბდალაძის თანამდებობიდან გადადგომასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არა პროექტის ადამიანი ამ ჭაობში ვერ გაძლებს.
„ის ადამიანები, ვინც არ არიან პროექტის წევრები და ვისაც თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებით საკუთარ თავზე აქვთ დანახული ტოტალიტარიზმის პირას მყოფი საქართველო როგორ გათავისუფლდა და როგორ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“ ქართული საზოგადოებასთან ერთად ქვეყნის ამ ტოტალიტარიზმიდან და სინგაპურიზაციიდან გამოყვანა და ადამიანმა, რომელმაც მთელი ეს სიმწარე, ტკივილი, დევნა და უსამართლობა, პატიმრობა თავის თავზე გადაიტანა და დღეს, როდესაც ხედავს, რომ ქვეყანაში მართლაც უპრეცედენტო თავისუფლებას ახლა ვიღაც არქმევს კრემლს და რუსეთს, რა თქმა უნდა, ვერ გაჩერდება ამ ჭაობში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.