მოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ 4 ოქტომბერს აქციის დაშლით იყვნენ დაკავებული, ღიმილის მომგვრელიც აღარ არის – მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბრის ავანტიურა დასრულდა, ყველა აქტორი, ვინც ახლა ამბობს, რომ მიტინგზე შემთხვევითი გამვლელები იყვნენ, გადატრიალების ლიდერებად წარმოაჩენდნენ თავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ყველა პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ჯგუფი, ვინც თვეების განმავლობაში პირდაპირი თუ ირიბი მეთოდებით რევოლუციის სამზადისით იყვნენ დაკავებული, დღეს ამბობს, რომ მომხდართან არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ და აქციაზე ინტერესის გამო იდგნენ.
„ყველა ადამიანმა საკუთარ განცხადებასა და ქმედებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. საზოგადოება თვეების განმავლობაში ისმენდა და უყურებდა როგორ მოუწოდებდნენ ხალხს შეკრებისაკენ, რომ შემდეგ კონსტიტუციური წყობილება დაემხოთ. იმ დღეს მკაფიო განცხადებები გაკეთდა. ამის შემდეგ ხალხს მოუწოდეს, რომ პრეზიდენტის სასახლის ასაღებად დაძრულიყვნენ.
ბოლომდე შეეცდებიან თავის დაძვრენას, მაგრამ გამოძიება უტყუარი ფაქტებითა და მათ მიერვე გაკეთებული განცხადებებით ხელმძღვანელობს. სასამართლოც გამოძიების არგუმენტებს შესაბამისად გაითვალისწინებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
გარდა ამისა, ქადაგიშვილმა ევროპელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა. ასევე აღნიშნა, რომ “ქართულ ოცნებას” საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები არ შეუცვლია, “უბრალოდ, დღეს ევროპაში გარკვეული ძალები და ჩინოვნიკები მზად არ არიან, საქართველოს დემოკრატიული გზა, ქართველი ხალხის არჩევანი გაიზიარონ და არიან მშვიდობიანი დამხობისა და ფერადი რევოლუციების მხარდამჭერი და თანამონაწილე”.
როგორც მან ამავე კონტექსტში აღნიშნა, ელჩების როლი ისეთია, როგორი დავალებებიც აქვთ.
„პაველ ჰერჩინსკის დამოუკიდებელი როლი არ გააჩნია. ის წარმგზავნის ინტერესებს ატარებს.
ჰერჩინსკი საკუთარი განცხადებით ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით პოზიცია არა აქვს. ასევე, ვიხილეთ ორი ევროკომისრის განცხადება, რომელთაც 4 ოქტომბერს მომხდარზე რეაგირება არა აქვთ და აქეთ სთხოვენ ხელისუფლებას, რაიმე ზედმეტად არ მოგივიდეთო.
ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რაზეც ქართული საზოგადოება დიდი ხანია ინფორმირებული და ჩამოყალიბებულია – ყველა ფერადი რევოლუციის მოწყობის უკან მათი კვალი აშკარად ჩანს.
ადამიანები არჩევნებს არ აღიარებენ, არ სურთ ქართველი ხალხის არჩევანს თვალი გაუსწორონ და თვალს ხუჭავენ. როდესაც ავანტიურისტებს სახელმწიფო გადატრიალებას მცდელობა აქვთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
