მზია ამაღლობელის შიმშილობის აქტი არის წმინდა პოლიტიკური ხასიათის, ეს არის მისი პოლიტიკური არჩევანი – მე მოვუწოდებ ქალბატონ მზიასაც და მის მხარდამჭერებსაც, რომ ამ თემას პოლიტიკურ ზვარაკად ნუ გამოიყენებენ იმიტომ, რომ ადამიანის ჯანმრთელობას აქვს ზღვარი – მასაც და მის მომხრეებსაც მოვუწოდებ, მოუწოდონ მას შიმშილობის შეწყვეტისკენ, მან ამით თავისი პოლიტიკური “მესიჯი” უკვე გააჟღერა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის შიმშილობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან აღნიშნა, მზია ამაღლობელი პენიტენციური სამსახურისა და სამედიცინო სამსახურის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება.
„პირველ რიგში, თვითონ ფაქტი არის სახეზე – ამ ადამიანმა, ჯერ პოლიციას სტიკერია მიაკრა, რაც პოლიციის შეურაცხმყოფელი ქმედება იყო, ამის გამო ის დაკავებული იქნა, მაგრამ არ დააკავეს, ადმინისტრაციული გაფრთხილება იყო და შემდეგ გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან ცოტა ხანში, როცა არანაირი პროვოცირება არ ხდებოდა, მან პროვოკაციულად სილა გააწნა პოლიციელს. რას ნიშნავს ეს ქმედება – გადატანა უნდათ იმაზე, რომ ამ ქალბატონის სილა მტკივნეული იყო, თუ არა ამ მამაკაცისათვის და ა.შ. აქ, საქმე არის იმაში, რომ ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობს სახელმწიფოს გამოუცხადოს ტოტალური დაუმორჩილებლობა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის პროცესში მიიღოს აქტიური მონაწილეობა. ყველა სახელმწიფოში ყოფით ვითარებაშიც კი პოლიციელზე თავდასხმა მძიმე დანაშაულად ითვლება, მაგრამ ამავდროულად ეს განპირობებული იყო სწორედ ამ მანკიერი მიზნით, რომლითაც ის არამარტო ერთ კონკრეტულ ადამიანზე აკეთებდა შეტევას, არამედ მთელი ეს პოლიტიკა რომლის ერთ-ერთი გამომხატველი ეს ქალბატონი იყო, სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფას, მათ დაკნინებას და ჩამოშლას ითვალისწინებდა ამ ქმედებით და მთელი ეს პერიოდი, რასაც ეს რადიკალური ოპოზიცია სჩადიოდა.
პატიმრობაში მყოფი პირი შიმშილობას აცხადებს იმ დროს, როცა ირღვევა მისი უფლებები ან არასათანადო მოპყრობისა და წამების ქვეშ არის, ან არასათანადო კვება აქვს, ან პაემანი, ადვოკატი აკრძალული აქვს, ან სამართლიანი სასამართლოს მიმართ წვდომა აკრძალული აქვს. [მზია ამაღლობელის] ამ შემთხვევაში კი, არცერთი ეს პირობა არ დგას იმიტომ, რომ ჩვენი სასამართლო და სამართალდამცავი სისტემა აბსოლუტურად სულ სხვა ჰუმანური პრინციპებით ეპყრობა ყველა პატიმარს. ანუ მისი შიმშილობის შიმშილობის აქტი არის წმინდა პოლიტიკური ხასიათის აქტი, ეს არის მისი პოლიტიკური არჩევანი და არა მისი გაუსაძლისი, შელახული პატიმრობის დროს ამა თუ იმ უფლების გამო გამოწვეული პროტესტი. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება და მე მოვუწოდებ ქალბატონ მზიასაც და მის მხარდამჭერებსაც, რომ ამ თემას პოლიტიკურ ზვარაკად ნუ გამოიყენებენ იმიტომ, რომ ადამიანის ჯანმრთელობას აქვს, რა თქმა უნდა, ზღვარი,პენიტენციური სამსახური და სამედიცინო სამსახური მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ამყოფებს მას, მაგრამ მე მასაც და მის მომხრეებსაც მოვუწოდებ, რომ შეაწყვეტინონ, მოუწოდონ მას შიმშილობის შეწყვეტისკენ, მან ამით თავისი პოლიტიკური “მესიჯი” უკვე გააჟღერა, დანარჩენი, რა თქმა უნდა, უკვე სასამართლოს და სამართლის წარმოების საქმე გახლავთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მზია ამაღლობელი ჯერ 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით. ამაღლობელი დაკავების მომენტიდან შიმშილობს და დღეს მისი შიმშილობის მე-21 დღეა.
