ირაკლი ქადაგიშვილი – „ლელომ“ და გახარიას პარტიამ შარშანდელ არჩევნებთან შედარებით ორჯერ ნაკლები შედეგი მიიღეს და ამ არჩევნებს ახლა აღიარებენ, იმ გაყალბებასა და აბსურდებზე არ საუბრობენ, რაზეც მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში ისაუბრეს – ფაქტია, პოზიცია შეცვალეს

მაშინ [საპარლამენტო არჩევნებზე] გარედან იყო მითითება მოსული, რომ არანაირი პარლამენტში შესვლა და ლეგიტიმაცია არ ყოფილიყო – დღეს მიხვდნენ და გარედან აქვთ სხვა მითითება, რომ თუ გააგრძელებენ ამ მიმართულებით სვლას, აღმოჩნდებიან იქ, სადაც 4 ოქტომბრის მესვეურები არიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გამაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ მხრიდან თვითმმართველობის ს შედეგების აღიარებას შეეხებოდა.
ქადაგიშვილის თქმით, ფაქტია, რომ ამ პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებზე, წინა წლის არჩევნებთან შედარებით, ორჯერ ნაკლები შედეგი მიიღეს და შედეგებს მაინც აღიარებენ.
„მათ პოლიტიკური ლოგიკის ნაკლებობა გააჩნიათ. მაშინ გარედან იყო მითითება მოსული, რომ არანაირი პარლამენტში შესვლა და ლეგიტიმაცია არ ყოფილიყო. ამიტომ, გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. დღეს მიხვდნენ და გარედან აქვთ სხვა მითითება, რომ თუ გააგრძელებენ ამ მიმართულებით სვლას, აღმოჩნდებიან იქ, სადაც 4 ოქტომბრის მესვეურები არიან. ამიტომ, მათ ეს პოზიცია – გარედან კარნახით თუ თავიანთი გადაწყვეტილებით, შეცვალეს. ფაქტია, რომ ორჯერ ნაკლები შედეგი მიიღეს და აღიარებენ. „ქართულმა ოცნებამ“თითქმის იგივე შედეგი გაიმეორა და იმ გაყალბებასა და აბსურდებზე არ საუბრობენ, რაზეც მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში ისაუბრეს. თავიანთი თავი ხომ ჩამოაქციეს და დააზიანეს და ამავე დროს საქართველოს რამდენი ზიანი მიაყენეს. ქართველ ხალხის შანტაჟის ქვეშ აცხოვრებენ, რომ გაგიუქმებთ ამას, გაგიუქმებთ იმას. ეს დამთავრდა. ამ მავნე პოლიტიკას ჩვენს ქვეყანაში გასაქანი და საფუძველი აღარ აქვს. იმედია, რომ ევროპის გარკვეული წრეები მიხვდებიან და გაიაზრებენ, რომ დროა საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას დაუბრუნდნენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.