ეს არის კორუფციული, ანუ ეკონომიკური ხასიათის დანაშაული. ასევე, როგორც გამოძიება ამბობს, მან [ირაკლი ღარიბაშვილმა] სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან – აქედან გამომდინარე მიიღო სასამართლომ ეს [აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება] გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობისგან ზოგადად კორუფციასთან და პოლიტიკურ კორუფციასთან დაკავშირებით წამოწყებული ბრძოლის ბოლომდე მიყვანა საქართველოს ქვეყანას სულ სხვა ვექტორზე გაიყვანს.
„უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ეს არის კორუფციული, ანუ ეკონომიკური ხასიათის დანაშაული. ასევე, როგორც გამოძიება ამბობს, მან [ირაკლი ღარიბაშვილმა] სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან. როდესაც პირი სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ არის ეს დაკავშირებული რაიმე ისეთ სისხლის სამართლებრივ საკითხთან, რაც მიმართულია ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ მძიმე დანაშაულთან, ამ შემთხვევაში ეს მექანიზმი არსებობს, რომ გირაო იყოს გამოყენებული. ამ შემთხვევაში გამოძიების მიზანია, რომ პირი, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს, სრულად უნდა თანამშრომლობდეს გამოძიებასთან. ეს მიზანი მიღწეულია და აქედან გამომდინარე მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ კარგად იციან, რომ მათი სიხარული ღარიბაშვილთან დაკავშირებით დროებითი და ხანმოკლეა, რადგან საქართველოს მთავრობისგან ზოგადად კორუფციასთან და პოლიტიკურ კორუფციასთან დაკავშირებით ეს არის პრინციპული დამოკიდებულება. ამ ბრძოლის ბოლომდე მიყვანა ჩვენს ქვეყანას განვითარების სულ სხვა ვექტორზე გაიყვანს. ეს მათ იციან, გრძნობენ და ამიტომ ნერვიულობენ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს სხვა დამატებითი ღონისძიებებიც დაუწესდა. კერძოდ კი, მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.




