ზეწოლასა და შანტაჟს უკიდეგანო ხასიათი აქვს მიცემული – რთული გასაგებია დასავლეთისთვის, რომ საქართველოს უფლება აქვს, სუვერენული სახელმწიფო იყოს. ეს იმისკენ გვიბიძგებს, რომ სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ და მტკიცედ ვიყოთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკომისრის მხრიდან მუქარაზე.
ქადაგიშვილის თქმით, „ეს ასახავს იმ ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკას, რაც საქართველოზე ხორციელდება გამჭვირვალეობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით”.
„ვარჰეის მხრიდან ჩამოთვლილი იყო სანქციები თუ შეზღუდვები, რაც კანონის მიღებას შეიძლება მოჰყოლოდა. ხაზი გაესვა იმას, გაითვალისწინეთ, რაც მოუვიდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრსო. ეს იყო შანტაჟი და დაშინება. ვარჰეი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ასეთი საუბარი შედგა და ეს ფაქტი ნახსენები იყო. უკვე ნათელია, რომ ზეწოლასა და შანტაჟს უკიდეგანო ხასიათი აქვს მიცემული. რთული გასაგებია დასავლეთისთვის, რომ საქართველოს უფლება აქვს, სუვერენული სახელმწიფო იყოს. ეს იმისკენ გვიბიძგებს, რომ
სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ და მტკიცედ ვიყოთ”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
რაც შეეხება შესაძლო სანქცირებაზე აშშ-დან გაკეთებულ განცხადებებს, ქადაგიშვილი ამბობს, რომ “გამოყენებულია ბოლშევიკური, ნაცისტური მიდგომა, როდესაც ადამიანზე ზემოქმედების მოსახდენად, მძევლად უნდა აგეყვანა მისი ოჯახიც”.
მისივე თქმით, „სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში დემოკრატიული სახელმწიფოს მხრიდან მძევლად აყვანის პოლიტიკაა”.
„რამდენჯერაც გვქონდა საუბარი, რომ თუ ვინმეს კანონზე საქმიანი, სამართლიანი, და კონსტრუქციული მოსაზრება გაქვთ, მზად ვართ, დავსხდეთ და ვისაუბროთ, მაგრამ ყველა მხრიდან ყრუ კედელს წავაწყდით. არავის სურს საქართველოსთან, როგორც სუვერენულ სახელმწიფოსთან საუბარი. აქედან გამომდინარე ჩვენ ან უნდა ვთქვათ, რომ ვართ ნეოკოლონიალური მმართველობის ამღიარებელი სახელმწიფო, ან უნდა ვთქვათ, რომ ვართ სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც გვაქვს უფლება მივიღოთ ისეთი კანონი, რომელსაც ლამის ნახევარი მსოფლიო იღებს და ყველა ამ კანონთან შედარებით, ჩვენი კანონი ყველაზე უფრო ჰუმანურია”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.